მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს კვლავ ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ სადგური სრულად იხსნება, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
თბილისის მერიის განმარტებით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის გამოც უქმდება დროებითი ავტობუსი N174, რომელიც მგზავრებს მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაჰყავდა.
ამ ეტაპზე სამუშაოების დიდი ნაწილი ქვედა ბაქანზე ჩატარდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, დასრულდა ქვედა ბაქნისა და დახრილი საესკალატორო გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, დამუშავდა ჭერის კოროზირებული ზედაპირები და შეივსო სიცარიელეები სპეციალური ხსნარებით, რათა თავიდან აიცილონ წყლის ჟონვა.
თუმცა, რეაბილიტაცია ამით არ დასრულებულა. ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების (მზიდი რკინაბეტონის რიგელების) გამაგრება ჯერ კიდევ წინ არის. ამჟამად მხოლოდ პროექტის მომზადება მიმდინარეობს, რის შემდეგაც უშუალოდ სამუშაოები დაიწყება.
მერიის გეგმით, მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.
ამის შემდეგ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა, პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს. სწორედ ამ კომპანიასთან გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება 14.7 მლნ ლარამდე, რასაც დაემატა დახრილი გვირაბის რეაბილიტაციის 1.8 მილიონი ლარიც, რაც ჯამურად 16.5 მილიონი ლარია.
გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. ბოლო ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა, თუმცა ის ჯერ 17 ნოემბრამდე, შემდეგ 30 დეკემბრამდე, ახლა კი 2026 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.




























