თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგური „ვარკეთილი“ ხვალიდან მგზავრთა მიღებაზე გაიხსნება, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება.
სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.
მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
ცნობისთვის, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, შეკიდული ჭერი ჩამოინგრა (არა მზიდი კონსტრუქცია). 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.
ამის შემდეგ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა, პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს. სწორედ ამ კომპანიასთან გაიზარდა ხელშეკრუკლების ღირებულება 14.7 მლნ ლარამდე, რასაც დაემატა დახრილი გვირაბის რეაბილიტაციის 1.8 მილიონი ლარიც, რაც ჯამურად 16.5 მილიონი ლარია.
გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. ბოლო ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა, თუმცა ამჟამად ის 2025 წლის 17 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.




























