მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროში ახალი ვაგონების დამატება, მგზავრთა გამტარუნარიანობას 25%-ით გაზრდის - გიორგი ბაბუნაშვილი

სადგურის მოედანი

„[მეტროპოლიტენში] ახალი ვაგონების დამატება, მგზავრთა გამტარუნარიანობას დაახლოებით 25%-ით გაზრდის“,- ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია "ურბანული ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მეტროპოლიტენს საშუალება ექნება, რომ ხაზში უფრო მეტი ვაგონი გამოიყვანოს, რაც უფრო მეტი მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.

„მეტროში ახალი ვაგონების დამატება საშუალებას მოგვცემს, რომ [მგზავრთა] გამტარუნარიანობა დაახლოებით 25%-ით გავზარდოთ. ამასთან, საშუალება გვექნება იმისა, რომ ხაზში უფრო მეტი ვაგონი გამოვიყვანოთ და თანაც ამ ვაგონების ტევადობაც გაზრდილი იქნება.

პირველ ხაზზე დღეს 4 ვაგონიანი მატარებელი მოძრაობს, ახალი ვაგონების დამატების შემდეგ კი, 5 ვაგონი იმოძრავებს, ხოლო მეორე ხაზზე, კვლავ 4 ვაგონიანი მატარებელი დარჩება“, - აცხადებს ბაბუნაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოწვევებზეც საუბრობს, როდესაც მგზავრთა საცობი ან ბაქანზე დარჩენილი მგზავრების შემთხვევები ფიქსირდება. განსაკუთრებით სადგურის მოედნის პირველ და მეორე ხაზებზე გადასვლისას. მისი შეფასებით, ხაზებს შორის გადასასვლელი მადუბლირებელი დერეფნის გაკეთება ანუ, მეორე დერეფნის გაკეთება, მეტროპოლიტენს საშუალებას მისცემს, რომ საცობების არიდება მოხდეს, მაგრამ არსებული გადასასვლელის გაფართოება, ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 8 აპრილის განკარგულებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია თბილისის მეტროსთვის 205 მილიონი ევროს ღირებულების 97 ვაგონს "აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის" (AIIB) პროცედურებით შეისყიდის. შესყიდვის მომზადების მიზნით კი, 27 ივნისს ბაზრის კვლევა გამოცხადდა. შესყიდვის ჯამური ღირებულება - 205 მილიონი ევრო საორიენტაციო თანხაა და დამატებითი დეტალები ტენდერის გამოცხადებისას გახდება ცნობილი..

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები