მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეც რომ დავდო ჩემი პირადი ობლიგაციები, შეიძლება მაღალი მოთხოვნა იყოს - ვასილ რევიშვილი ევრობონდების რეფინანსირებაზე

ვასილ რევიშვილი

მიუხედავად გლობალურად გაძვირებული ფულისა, ქვეყანამ იმაზე უკეთესი შედეგი მიიღო, ვიდრე არსებული რეიტინგისა და ბაზრის პირობებში იყო მოსალოდნელი - ამის შესახებ ფინანსისტი ვასილ რევიშვილი ევროობლიგაციების რეფინანსირების საკითხის შეფასებისას აცხადებს.

BMG-ის კითხვაზე, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია ახალი საპროცენტო განაკვეთი და რამდენად გაუძვირდა საქართველოს ვალის მომსახურება, რევიშვილი განმარტავს, რომ გაძვირება ობიექტური ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მიღწეული მაჩვენებელი მაინც პოზიტიურია.

“ეს გამომდინარეობს სხვადასხვა ფაქტორებიდან - პირველი გამოცემის დროს გაცილებით დაბალი იყო საპროცენტო განაკვეთები. თუმცა, ახლა საერთაშორისო ბაზარზე განაკვეთები ოდნავ დაეცა, მაგრამ ეს ვარდნა მოხდა ბოლო 10 წლის პიკიდან. თუ შევადარებთ პირობითად იმას, რაც მივიღეთ და რასაც ველოდით, მე ვიტყოდი, რომ ოდნავ უკეთესი შედეგია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. ჯამური შემოსავლიანობა 5.4%-ის ფარგლებშია, რაც დაახლოებით BB პლუსის დონის კომპანიების შედეგს ეთანაბრება. რეალურად, ეს სულაც არ არის ცუდი შედეგი“, - აცხადებს ვასილ რევიშვილი BMG-სთან.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც ხელისუფლება წარმატებად მიიჩნევს, ინვესტორების მხრიდან დაფიქსირებული 5.5-ჯერ მაღალი მოთხოვნაა. რევიშვილი კი განმარტავს, რომ „მოთხოვნა“ ყოველთვის პირდაპირ „ნდობას“ არ ნიშნავს.

„მეც რომ დავდო ჩემი პირადი ობლიგაციები, შეიძლება მაღალი მოთხოვნა იყოს, მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს. ეგ არის აუქციონის პრინციპი. პირობითად, მე დავდე მოთხოვნა, რომ ვიყიდი 100 მილიონს, მაგრამ 50 დოლარად. თუ დამიკმაყოფილეს, მაშინ ფასი 50 დოლარი დადგება. სავარაუდოდ, ინვესტორების მადა გაცილებით მეტი იყო. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ობლიგაციები დისკაუნტით (ნომინალზე ნაკლებ ფასად) გაიყიდა. მოთხოვნა ნიშნავს ანკესის გადაგდებას - იქნებ რამე კარგ შემოსავლიანობას გამოვკრათ ხელიო. თუ ასეთი საოცარი მოთხოვნა იქნებოდა ნებისმიერ ფასად, მაშინ ობლიგაცია პრემიუმით უნდა გაყიდულიყო და არა 98 დოლარად“, - განმარტავს ვასილ რევიშვილი.

რაც შეეხება რეფინანსირების დროს, რევიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ თადარიგი სწორად დაიჭირა, რადგან აშშ-ის ფედერალური რეზერვისგან განაკვეთების კლება უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის.

„უკეთესი დრო შეიძლება ყოფილიყო მაშინ, როდესაც ამერიკაში საპროცენტო განაკვეთების კლება დაიწყებოდა. თუმცა, პროფესიონალები ივლისამდე კლებას არ ველოდებით. ვინაიდან რეფინანსირება აპრილში უნდა მომხდარიყო, დღესდღეობით სწორი დროა. დაიჭირეს თადარიგი, რაღაც თვეები მოიგეს, რომ მერე ბოლო წამს იმათ არ მოეგოთ, ვისაც იაფად უნდოდა ვალის წაღება. დროის მხრივ, ეს თითქმის იდეალური გადაწყვეტილებაა.“

მისივე თქმით, სუვერენული ობლიგაციების განთავსება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიუჯეტისთვის, არამედ კერძო სექტორისთვისაც, რადგან ეს ქმნის გარკვეულ ორიენტირს ბაზარზე.

„რეფინანსირებაზე მიდის 400 მილიონი, დარჩენილი 100 მილიონზე მეტი კი აქ დაიხარჯება, რაც კარგია. გარდა ამისა, ქვეყნის მიერ ვალის განთავსება ძალიან კარგია იმ კომპანიებისთვის, ვისაც ობლიგაციების გამოშვება სურს - მათთვის ჩნდება ე.წ. ბენჩმარკი. ინვესტორმა უკვე იცის, რას შეადაროს კომპანიის რისკი” - ამბობს რევიშვილი.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს $500 მილიონის ევროობლიგაციების რეფინანსირება დასრულდა. კუპონის განაკვეთი 5.125% ოდენობით დაფიქსირდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირებული კუპონი საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ყველაზე დაბალი განაკვეთია ბოლო 4 წელიწადში. საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე რეკორდულად მაღალ - 2.8 მილიარდ დოლარამდე დაფიქსირდა, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება.

აქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია, რაც მათ მიერ გატარებული ფისკალური რეფორმების შედეგად ფასდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები