საქართველოს მთავრობამ თანხმობა გასცა იმაზე, რომ მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებმა კეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოსთვის 225 329 ლარის პრემია მიიღონ. ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 29 ნოემბრით არის დათარიღებული.
კონკრეტულად კი მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები 156 საშტატო და 30 არასაშტატო თანამშრომელზე გაიცემა და პრემიის ოდენობა თითოეულ მათგანზე სახელფასო ანაზღაურებაზე მაღალი არ იქნება.
„მიეცეს თანხმობა სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, თანამშრომლებზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისა და მათი შრომის სათანადოდ დაფასებისთვის, გასცეს ფულადი ჯილდო 156 საშტატო თანამშრომელზე - 198 715 ლარის, ხოლო 30 არასაშტატო თანამშრომელზე - 26 614 ლარის (თითოეული თანამშრომლისათვის არაუმეტეს ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით)“, - წერია მთავრობის 2024 წლის 1723-ე განკარგულებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრემიების ანაზღაურება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს.