ერთპარტიული პარლამენტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას განიხილავს, რომლის მიხედვითაც აკადემიის წევრების ანაზღაურება გაიზრდება.
მოქმედი კანონმდებლობით, აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1600 ლარის ოდენობით, რაც ცვლილებების შემდეგ 2000 ლარი იქნება.
ხოლო აკადემიის წევრ კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით, რაც 1250 ლარამდე გაიზრდება.
ამასთან, აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება თვეში არანაკლებ 1000 ლარი, ეს თანხა კი 1250 ლარი გახდება.
ამასთან, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრისა და წევრ-კორესპონდენტის
ყოველთვიური ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში არანაკლებ 1400 ლარია ნამდვილი წევრისათვის, ხოლო 900 ლარი წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატისათვის. ცვლილებების შემდეგ, ნამდვილი წევრის და წევრ-კორესპონდენტის ანაზღაურება 2000 და 1250 ლარი გახდება. სტიპენდია 1250 ლარამდე გაიზრდება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უკანასკნელ წლებში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპია და ამ რეალობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია აკადემიკოსების, აკადემიის წევრკორესპონდენტების და სტიპენდიატების კანონით დადგენილი მინიმალური ანაზღაურების კორექტირება.
"გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ ბოლო წლებში განხორციელდა საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა. კერძოდ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ჯამურად 46%-ით გაზარდა საჯარო მოხელეების ხელფასები, ასევე გაიზარდა სსიპ-ების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული პირები არ დარჩნენ სახელფასო პოლიტიკის ერთიანი მიდგომის მიღმა",- წერია დოკუმენტში.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტია. ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1 სექტემბრიდან შევა.




























