გასული დღეების განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის რამდენიმე უბანს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ვაკეში, ყიფშიძის 4-ნომერთან გზის სავალი ნაწილი მთლიანად ჩანგრეულია. დამცავი ბეტონის ჯებირი წყალმა წაიღო და გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გლდანის რაიონშიც. მუხიანის აგარაკებზე დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, წყალი ჯერ ეზოებში, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა.
დროებით შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზეც. ძლიერმა წვიმამ კლდოვანი ფერდიდან მიწის მასა იმ ადგილზე ჩამოშალა, სადაც დამცავი ბადეების მოწყობა მიმდინარეობს.
ფერდის ჩამოშლას გუშინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. - „ ჟუჟუნა წვიმის შემდეგ მშრალ ხევებში დატკეპნილ ნაყარზე, გუშინ მდინარე მოდიოდა. ღმერთს ევედრეთ, მართლა, თბილისისთვის დამახასიათებელი თქეში ნალექი არ მოვიდეს.“ - წერს თეა გოდოლაძე.
სტუმარი: თეა გოდოლაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი