მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეუფე შიო პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცეს - სინოდის მიმართვა საქართველოს

მეუფე შიო

წმინდა სინოდმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. გადაწყვეტილება სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც ილია II-ის გარდაცვალების გამო შეიკრიბა.

სინოდის განჩინება ჟურნალისტებს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ გააცნო.

სინოდის გადაწყვეტილებით, ილია II-ის დაკრძალვის თარიღად 2026 წლის 22 მარტი (კვირა) განისაზღვრა. პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, მას თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

მიტროპოლიტ თეოდორეს განცხადებით, სხდომა მოსაყდრე შიომ გახსნა, რომელმაც სინოდის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და ილია II-ის ღვაწლზე ისაუბრა. ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ეკლესიის მართვა-გამგეობისა და მომავალი პატრიარქის არჩევის საკითხი.

„წაკითხულ იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ“, - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.

სინოდის განჩინებით, ჩამოყალიბდა სპეციალური კომისია, რომელიც დაკრძალვის პროცესს გაუწევს ორგანიზებას. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ:

  • მღვდელმთავრები: მეუფე შიო, მეუფე დანიელი, მეუფე დავითი, მეუფე თეოდორე, მეუფე საბა, მეუფე დიმიტრი, მეუფე გერასიმე, მეუფე ანდრია, ეპისკოპოსი მელქისედეკი, ეპისკოპოსი სვიმეონი და ეპისკოპოსი გრიგოლი.
  • სასულიერო პირები: პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და არქიმანდრიტი კირიონი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყანაში 18 მარტიდან დაკრძალვის დღემდე გლოვაა გამოცხადებული.

მიტროპოლიტმა წაიკითხა მიმართვა სრულიად საქართველოს მიმართ, რომელიც სინოდის სამძიმრით იწყება და რომელშიც წერია, რომ ეთნიკური და რელოგიური განსხვავებების მიუხედავად მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე.

„საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოს:

ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, გისამძიმრებთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილია მეორის გარდაცვალებას. მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკურობისა იგი ჭეშმარიტად იყო, არის და იქნება მამა საქართველოსი. უცხოეთიდან შემოსული სამძიმრის წერილებში აღნიშნულია, რომ იგი დააკლდა არამარტო საქართველოს, არამედ სრულიად საქრისტიანოსა და მთელ მსოფლიოს. ღვთის განგებით ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება აღესრულა დიდ მარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მისი მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ. მისი უწმინდესობის მიერ აღსრულებული სამოციქულო ღვაწლი, ღვთისაგან განშორებული ერის სარწმუნოებისკენ შემობრუნება მხოლოდ ღვთისა და მამულებისადმი თავგანწირვით იყო შესაძლებელი. დიდ სიყვარულთან ერთად კათოლიკოს პატრიარქი გამოირჩეოდა ღვთივმინიჭებული სიმდაბლითა და სიბრძნით. 49 წლის განმავლობაში მან ბეწვის ხიდზე ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. ამ უდიდესი მწუხარების წუთებში ჩვენ ასევე გვეუფლება რწმენა იმისა, რომ უწმინდესობა პირნათელი წარდგა ღვთის წინაშე, რომ მის სულს უფალი დაამკვიდრებს ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელს, სადაცა მართალნი განისვენებენ. გვეუფლება სასოება იმისა, რომ მისი ლოცვა კვლავაც გაგვაძლიერებს სულიერად და განგვინათლებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებასა და აღორძინებას. დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში. უპირველესად ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში. ქრისტეს მიერ სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას. გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა. წმინდათანა განუსვენოს უფალმა ახლად შესვენებულსა, დიდსა მეუფესა მამასა ჩვენსა ილიას და და უმკვიდროს მას სასუფეველი ცათა, ამინ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები