მეღვინეობა "ამბრას" დამფუძნებელი, აკაკი სირაძე აცხადებს, რომ ორი დღეა რაც რთველი დაიწყო და კომპანია „ამბრამ“ უკვე 5 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული გადაამუშავა. როგორც სირაძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, კომპანია კიდევ გეგმავს ყურძნის გადამუშავებას.
„უკვე ორი დღეა, რაც აქტიურ რთველში ჩავერთეთ. ამინდებმა შეგვიშალა ხელი, მაგრამ დღეს უკვე კარგი ამინდია. ყვავილობის დროს ვენახი დაზიანდა და მოსავალი შემცირდა დაახლოებით 40%-ით. პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს, გადამუშავება აქტიურად მიდის, უკვე გადამუშავებული გვაქვს 5 ტონა ალექსანდროულ-მუჯურეთული და კიდევ ველოდებით ყურძენს. მევენახე-ფერმერებისთვის ფასი მისაღებია, რადგან ყურძენი 8 ლარი ღირს. 4 ლარი სახელმწიფოს სუბსიდიაა, ხოლო 4-ს ჩამბარებელი კომპანია იღებს“,- განაცხადა სირაძემ.
კითხვაზე, რა პოზიცია აქვს მევენახეს ყურძნის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, სირაძე პასუხობს, რომ სუბსიდია და სახელმწიფოს ჩარევა ქმნის დარგის არასტაბილურობას.
„ყოველ წელს სხვადასხვა ფასები ფიქსირდება. როცა კომპანია 7 ლარად ყიდულობდა ყურძენს და ახლა ეს ფასი გახდა 8 ლარი, თუ სტანდარტული ფასი დადგინდება და ეს ფასი ყოველთვის შეთანხმებული იქნება, ეს კომპანიებისთვის კარგი იქნება“, - თქვა მან.