მევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა, ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის - როგორც ღვინის ეროვნულმა სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა, გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთა კონსულტაციის შედეგად მიიღეს. ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპანია ჭარბ ყურძენს დაგეგმილზე ძვირად შეისყიდის. უფრო კონკრეტულად, ყველა კატეგორიის შაქრიანობის ყურძნისთვის შაქრიანობის მოთხოვნა შემცირდა, რაც შესაძლებელს ხდის, რომ ყურძენი რომელიც აქამდე მოქმედი წესით არ ბარდებოდა ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაში, ახლა ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაში ჩაბარდეს.
აღსანიშნია, რომ კახეთში, მეორე დღეა მევენახეები ქარხნების მიერ არაკონდიცირებული (დაბალშაქრიანი და დაზიანებული) 1 კგ ყურძნის 30 თეთრად ჩაბარებას აპროტესტებენ. დღეს, ფერმერებმა ყვარელი-ლაგოდეხის გზა და სოფელ ველისციხესთან გადაკეტეს. ისინი არაკონდიციური ყურძნის მინიმუმ 90 თეთრად ჩაბარებას ითხოვენ.
„საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება.
ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგეტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ დღეს გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ ბრიფინგზე.
განხორციელებული ცვლილებით:
- მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი (აქამდე მოქმედი წესით მაღალკონდიციურ ყურძნად 21%-ს ზემოთ მყოფი ყურძენი ითვლებოდა)
- 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი; (აქამდე მოქმედი წესით მაღალკონდიციურ ყურძნად რქაწითელის ჯიშზე შაქრიანობის მინიმუმ 20% იყო განსაზღვრული.)
დაბალკონდიციური ყურძენი:
- 16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი; (აქამდე მოქმედი წესით დაბალკონდიცირებული ყურძნის მინიმალური შაქრიანობა 17% უნდა ყოფილიყო, ხოლო ფასი 90 თეთრი, შესაბამისად ფასი 10 თეთრით გაიზარდა).
- 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი; (აქამდე მოქმედი წესით მინიმალური შაქრიანობა 17%-ზე იყო განსაზღვრული, ხოლო შესასყიდი ფასი 80 თეთრზე, შესაბამისად ფასი 10 თეთრით გაიზარდა.)
- 16 გრადუსზე დაბლა მყოფი ყურძნისთვის - ფასი კილოგრამზე 50 თეთრი (აქამდე მოქმედი წესით აღნიშნული ზღვარი იყო 17%, ხოლო ფასი 30 თეთრი, შესაბამისად ფასი 20 თეთრით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნა შაქრიანობის ერთი პროცენტული საფეხურით დაბლა ჩამოვიდა).
„16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, არის ფაქტიურად მკვახე ყურძენი. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი - 30 თეთრი.
რაც შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ახალი ფასებით მოხდება გადათვლა და დაუკომპენსირდებათ შესაბამისი სხვაობა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ყველა მევენახეს ექნება. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს. აქამდე დიფერენციურებული ფასები ასეთი იყო:
საფერავი:
- კონდიციური და დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 21%) - 1.50 ლარი;
- არაკონდიციური (შაქრიანობა 17%-დან 21%-მდე ან/და ნაწილობრივ დაზიანებული) - 0.90 ლარი;
- 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული - 0.30 ლარი.
სხვა ჯიშები:
- დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 20%) - 1.30 ლარი;
- შაქრიანობა 17%-დან 20%-მდე - 0.80 ლარი;
- 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენი - 0.30 ლარი.
2025 წელს სახელმწიფო კომპანიამ 145.7 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეკორდული 246 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღნიშნულის შემდგომ სახელმწიფომ განსაზღვრა, რომ ყველა კატეგორიის ყურძენს ერთსა და იმავე ფასად აღარ ჩაიბარებდა და 2026 წლის რთველისთვის მევენახეებს დიფერენცირებული საზღაური შესთავაზა, რაც მათ ხარისხზე (შაქრიანობის შემცველობაზე) იყო მიბმული. სწორედ აღნიშნული მოთხოვნა გადაიხედა დღეს, თუმცა იქამდე სანამ ეს მოხდებოდა შესასყიდი ყურძნის ფასში ცვლილებები აგვისტოშიც შევიდა, რადგან თავდაპირველად მაღალკონდიციურ ყურძნად განსაზღვრული იყო შაქრიანობის 22%-ის შემცველობაზე მაღალი ყურძენი, რაც ჯერ 21%-მდე, დღეს კი 20%-მდე შემცირდა.
























