სოციალური ინოვაციების პლატფორმის (www.socialinnovation.ge) წარდგენა პირველად 2020 წლის 20 ივლისს მოხდა. ეს არის კკონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ახალი ინიციატივა რომელიც მიზნად ისახავს სოციალური ინოვაციების მიმართ საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ინტერესის გაზრდა, მათი შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და სოციალური ცვლილებებისაკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობა.
ამ მოკლე პერიოდში ორგანიზაციამ მოახერხა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა საზოგადოებაში. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის სოციალური ინოვაციების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც 183 განაცხადი იქნა მიღებული, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, პროექტი აქტიურად იმუშავებს მეწარმეობის განვითარებაზე სკოლებში. „ვფიქრობთ რომ ინოვაციური და მეწარმეობრივი აზროვნების განვითარება სწორედ სასკოლო ასაკიდან იწყება“ - ამბობს ირინა ხანთაძე, პროექტის დირექტორი. მისი თქმით „ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა გამოცდილება არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში. სამწუხაროდ, საქართველოში ეს საკითხი ჯერ კიდევ ნაკლებ პრიორიტეტულია. შესაბამისად, ვეცდებით რომ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას.
კონკრეტულად, ადგილობრივი კარგი მაგალითების შესწავლითა და გავრცელებით, ასევე იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ვისაც ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა. გარდა ამისა, გვექნება საინტერესო ინიციატივები და შეთავაზებები დაინტერესებული პირებისათვის.“
რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუაციას, პროექტის მენეჯერის, გიორგი ჭანტურიას თქმით, „სკოლის დონეზე მეწარმეობის კომპეტენციის ამაღლება რამდენიმე გზით მიიღწევა. ერთი მხრივ, მეწარმეობა საშუალო საფეხურზე ისწავლება, როგორც არჩევითი საგანი (მეწარმეობის საფუძვლები), მეორე მხრივ კი - გამჭოლი კომპეტენციის სახით გვხვდება სხვა საგნებში (მაგ. „მე და საზოგადოება“ III-IV კლასში, ჩვენი საქართველო V-VI კლასებში ან მოქალაქეობა VII-IX კლასში“).“
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ანა მენაღარიშვილი, პროექტის კომუნიკაციის ოფიცერი გვიყვება, „პირველ რიგში, ვგეგმავთ რომ შევისწავლოთ ამ მიმართულებით არსებული სიტუაცია და გამოვაქვეყნოთ ჩვენს გვერდზე - რესურსების ბლოკში. რაც მთავარია, დაინტერესებული მხარეების მობილიზებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ თემატური კონფერენციის ორგანიზებას.“
სოციალური ინოვაციების პლატფორმის მხარდამჭერია შვეიცარიული ფონდი ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასია.

























