თბილისის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, 2019 წლიდან, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისთვის ბიზნესაქსელერატორი, სახელწოდებით "სპარკი" ამოქმედდა. ბიზნესაქსელერატორ "სპარკის" პროექტის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ პირს, ან კომპანიას, თუ გააჩნია იდეა, ან სურს განვითარება, შეუძლია დარეგისტრირდეს spark.gov.ge-ზე. საკმარისია, მათ უბრალოდ გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგაც შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ უფასო სამუშაო სივრცით, ბიზნესის ექსპერტების კონსულტაციით, შეხვედრებისთვის ცალკე გამოყოფილი სივრცით, ასევე მიიღონ კონსულტაციები მენტორებისგან, გაიარონ მათი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ტრენინგები. ყოველთვიურად საუკეთესო იდეის მქონე მინიმუმ ოთხ პირს მსოფლიოში აღიარებული კომპანიები ბიზნესგეგმას შეუდგენენ. BM.GE "სპარკის" კიდევ ერთ წარმატებულ ბენეფიციარს "საქართველოს მეწარმეთა კავშირს" გაეცნო და სამომავლო გეგმებზე მის დამფუძნებელს გოგა ციცქიშვილს ესაუბრა.
პირველ რიგში, ბატონო გოგა მოგვიყევით "საქართველოს მეწარმეთა კავშირის" საქმიანობის შესახებ, როდის დაფუძნდა ეს კავშირი და რა იყო მისი შექმნის იდეა?
2018 წლის ზაფხულში დავაფუძნეთ "საქართველოს მეწარმეთა კავშირი". ეს არის არაკომერციული, არასამეწარმეო პირი, რომელიც საქართველოში იმ მცირე და საშუალო ბიზნესს აერთიანებს, რომლებიც თავიანთ პროდუქციას უშუალოდ საქართველოში აწარმოებენ. მაგალითად, „მეწარმეთა კავშირის“ წევრები არიან: შპს „ქალაქური“, „მანნას ჩაი“, „ენკენი“ და სხვა. ბიზნესის დაწყების პირველ ეტაპზე მრავალ პრობლემას წავაწყდით. ალბათ თქვენც მოგეხსენებათ, ქვეყანაში გვყავს მეწარმეები, რომლებიც ძალიან საინტერესო პროდუქციას ქმნიან, რაც მთავარია ნატურალურს, ბუნებრივს, გემოვნური თვისებებით გამორჩეულს, ორიგინალურს და ა.შ, თუმცა ბიზნესის კეთება არ არის ადვილი, ბევრი ბარიერია გადასალახი, მით უმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. არის კომუნიკაციის პრობლემაც, განსაკუთრებით სუპერმარკეტების მსხვილ ქსელებთან. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საინტერესო და ხარისხიანი პროდუქცია იქმნება, მაგრამ ვერ ხერხდება შემდეგ ამის რეალიზება. ამის გამო, ბევრი კომპანია ბაზრიდანაც ქრება. იმისთვის რომ ერთმანეთს დავეხმაროთ და განვითარებაში ხელი შევუწყოთ, გაგვიჩნდა „მეწარმეთა კავშირის“ შექმნის იდეა.
როგორც ვიცით, თქვენც ერთ-ერთი მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ხართ, უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ თქვენი წარმოების შესახებ...
დიახ, მეც მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ვარ. მე ვაწარმოებ გირჩის მურაბას, ფიჭვის კევს. ფიჭვის კევი, მინდა აღვნიშნო, რომ ქართული სიტყვაა და სულხან-საბას ლექსიკონში წერია, ბარბარიზმი არ გეგონოთ. აგრეთვე, ვაწარმოებ ფიჭვის სიროფს, ფიჭვის მტვერს, ფიჭვის ყვავილების ჩაის. ბაზარზე უკვე 2017 წლიდან ბრენდის – „გირჩევნია“ – ქვეშ ვოპერირებ. მურაბის საშუალო ფასი 5 ლარია, ფიჭვის კევის ფასი 1 ლარია, ჩაის ფასი კი 3-დან 4 ლარამდე მერყეობს.
„საქართველოს მეწარმეთა კავშირის“ ფარგლებში რა ტიპის აქტივობებს ახორციელებთ და როგორ ხდება გაწევრიანება?
ჩვენ სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ – გამოფენებზე ხშირად ვმონაწილეობთ და კავშირის წევრები ძირითადად სააგენტოს ბენეფიციარები არიან. ოფიციალურად, 100-ზე მეტი მეწარმე გვყავს კავშირში. კომუნიკაცია გვაქვს ყველასთან, ყოველდღიურად ახალ-ახალი სახეები ჩნდებიან, ყველას დახმარებას ვუწევთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ჩვენთან გაწევრიანება კი ძალიან მარტივია. მთავარია, დაგვიკავშირდეს ტელეფონის საშუალებით, ან მეილზე მოგვწერონ, ან სოციალურ ქსელში. მოხდება ამ ადამიანის გაცნობა, მისი წარმოებული პროდუქციის გაცნობა. ჩვენ მინიმალური საწევრო გადასახადი გვაქვს, თვეში 7 ლარი, ელემენტარული ხარჯების დასაფარად, თუმცა ესეც ნებაყოფლობითია.
როგორ გაიგეთ „ბიზნესაქსელერატორის“ შესახებ პირველად? როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება და რაში დაგეხმარათ მერიის აღნიშნული პროექტი?
მერიის პროექტ ბიზნესაქსელერატორის შესახებ Facebook–ის საშუალებით შევიტყე. ამის შემდეგ „სპარკის“ პროფესიონალთა გუნდთან შეხვედრა ჩაინიშნა და ასე დაიწყო ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა. გავიცანით მათი სერვისები, „სპარკი“ ყველა მიმართულებით ხელს გვიწყობს, იქნება ეს გაყიდვები, ბრენდირება. ერთად განვიხილავთ და ვგეგმავთ ფესტივალებს, ვიღებთ მარკეტინგულ რჩევებს და ა.შ. მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაქვს. ბიზნესაქსელერატორის დახმარებით დავზოგეთ ოფისის ხარჯები, შესაბამისად, ადმინისტრაციული ხარჯები. მე პირადად როდესაც მიწევს შეხვედრები „მეწარმეთა კავშირის“ სახელით, პირდაპირ ბიზნესაქსელერატორის ოფისში ვნიშნავ და თუ საჭიროა, შეხვედრებს „სპარკის“ გუნდის წევრებიც ესწრებიან.
რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროექტების არსებობა საქართველოში, როგორიცაა „სპარკი“?
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის პროექტების არსებობა, როგორც დამწყები ბიზნესებისთვის, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად. ხშირ შემთხვევაში მცირე მეწარმეებს ფინანსებთან ხელი არ მიუწვდება, ის ელემენტარული საჭიროებები კი რომელსაც „სპარკი“ სთავაზობს, ძალიან დიდი დახმარებაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესაქსელერატორის მიერ ჩატარებული ტრეინინგები. ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან კარგი მეწარმე, ქმნიდეს პროდუქციას და ეს ძალიან კარგად გამოსდიოდეს, მაგრამ ამას რეალიზება სჭირდება, რეალიზებას კი – ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. ელემენტარულად, როგორ იმუშაონ ბრენდირების კუთხით, მარკეტინგის კუთხით, იგივე სოციალურ მედიაში, არ იციან ნებისმიერი ის მიმართულება, რომელიც პროდუქციის შექმნას და შემდგომ ამის რეალიზებას და ცნობადობის ამაღლებას სჭირდება.
როგორია „საქართველოს მეწარმეთა კავშირის“ სამომავლო გეგმები?
გეგმები საკმაოდ გრანდიოზული გვაქვს. პირველ რიგში, აპრილის შუა რიცხვებიდან ქართული წარმოების ფესტივალების დაწყებას ვაპირებთ, რომელიც შემოდგომის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალები თბილისის სხვადასხვა უბანში, დახურულ და ღია სივრცეებში, ხალხმრავალ სკვერებსა და პარკებში ჩატარდება.

























