მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეხორბლეები სამინისტროს გადაწყვეტილებას 2-3 დღეში ელიან - შეხვედრის დეტალები

64636be52497b
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.23 15:58
520
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მეხორბლეების დარჩენილი ხორბლის მარაგების თვითღირებულებაში გაყიდვისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებას 2-3 დღეში ელიან. ამის შესახებ ნიკოლოზ ბენიაიძემ „საქმის კურსში“ საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უწყებასთან კომუნიკაცია 15 მაისს შედგა და მხარეებმა სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მისი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს. ბენიაიძე ამბობს, რომ დღეისთვის ქვეყანაში ძველი მოსავლიდან ჯერ კიდევ 20 000 ტონა ხორბალია დასაწყობებული, მაშინ როდესაც ახალი მოსავლის აღება დაახლოებით 20 დღეში დაიწყება. მეხორბლე ფერმერებს კი მარაგების გაყიდვა მოყვანის თვითღირებულებით დაახლოებით 70-75 თეთრით სურთ.

„უწყებაში მინისტრთან შეხვედრისას პირველ რიგში არსებული მარაგების გაცლაზე ვისაუბრეთ. დღეს, გასული წლის მოსავლის დაახლოებით 20 000 ტონა ხორბალია დარჩენილი. 20 დღეში ახალი მოსავლის აღება იწყება და ეს საწყობები გასაცლელია. სწორედ ამას შეეხებოდა შეხვედრა, პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ ჩვენ დავკმაყოფილდებით. თვითღირებულებაზეა საუბარი. ჩვენ არ ვითხოვთ ამ ეტაპზე სუბსიდირებას, თუმცა ერთ-ერთ კომპონენტად თუ წისქვილკომბინატები და პურის საცხობები ვერ შეთანხმდებიან ფქვილის ფასზე, ესეც რჩება. შარშანდელი მოსავლის რეალიზებას 70-75 თეთრის ფარგლებში ვგეგმავთ.

ამასთან საუბარია იმაზეც, რომ პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ პური არ გაძვირდეს და პური არც გაძვირდება“, - განაცხადა ბენიაიძემ.

დარგის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დარგის მხარდასაჭერად ფქვილის იმპორტის ნაწილობრივ შეზღუდვაზე მიდის მსჯელობა და პროცესში სამინისტრო, წისქვილკომბინატები და საწყობები არიან ჩართულები.

„დაახლოებით 2-3 დღეში სამინისტრო უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რა ფასად შეძლებენ ფერმერები დარჩენილი ხორბლის გაყიდვას. ცალსახა დაპირებაა, რომ ფერმერებს აუცილებლად დაგვეხმარებიან, თუმცა რა ფორმულირება ექნება ამას - არ ვიცით და ეს საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს, რომ შემდგომ მთავრობის სხდომაზე დოკუმენტალურად დადასტურდეს“, - ამბობს ბენიაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები