მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მგფ-ის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო - რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

"ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მონიტორინგის შედეგად რიგი პრობლემები გამოიკვეთა. პარლამენტში ინტერპელაციით მოსმენის ფარგლებში, მან მუნიციპალური განვითარების ფონდში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროექტების ნახევარზე მეტი პრობლემური იყო, რომელთა ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატება.

"მუნიციპალური განვითარების ფონდში შესწავლის შედეგად, სამწუხაროდ, გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. პროექტების დაგეგმვისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული ან სრულად შეჩერებული პროექტის მიზეზად იქცა, კერძოდ მაგალითად 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატებოდა.

პრობლემებში იგულისხმება როგორც შესრულების დაბალი ტემპი, ასევე შეჩერებული და ვადაგადაცილებული პროექტები, ხარისხის პრობლემა და ა.შ.

რიგ შემთხვევაში მშენებლობის დაბალი ხარისხი მოითხოვს უკვე შესრულებული სამუშაოების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას. თუ ჩვენს მიერ მიმდინარე პროექტების შედეგად გაჩნდა კითხვები ხარისხთან დაკავშირებით, ჩვენ ვალდებულნი ვართ აღნიშნული საკითხი დამატებით იყოს შესწავლილი და მხოლოდ საექსპერტო დასკვნის შემდეგ გაგრძელდეს სამუშაოები", - განაცხადა სოხაძემ.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდში პროექტების განხორციელებისას ავანსები დიდი მოცულობით ყველანაირი გარანტიის გარეშე გაიცემოდა და შესრულების ვადები კი არ დგინდებოდა, რაც პროექტების გაჭიანურებას იწვევდა.

"დიდი მოცულობით ხდებოდა ავანსების გაცემა, ხშირ შემთხვევაში შესრულების მკაფიო გარანტიების გარეშე. მაგალითად ქალაქებისა და კურორტების განვითარების ₾330 მილიონიან პროგრამაში გაცემული იყო ₾174 მილიონის ავანსი. ასევე კომპანიას არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კომპანიის მთლიანი პორტფელი ₾442 მილიონს შეადგენს, აქედან ₾145 მილიონი ავანსის სახით იყო გაცემული. მეორე შემთხვევაში ₾400 მილიონიანი პორტფელის კომპანიაზე ₾154 მილიონის ავანსი იყო გაცემული.

პროექტის მენეჯერებს შორის სამუშაოს არათანაბარი განაწილება და მართვის პროცესებში არათანაბარი პასუხისმგებლობა, კონტრაქტორისთვის სამუშაოს აღებისას კონკრეტული ვადის არდადგენა, რაც ხშირად იწვევდა ნებართვის პროცესის გაჭიანურებას და შედეგად სამუშაოების დაწყების დაგვიანებას. კონტრაქტით განსაზღვრული იყო, რომ მშენებლობის ვადა აითლებოდა ნებართვის აღების შემდეგ, თუმცა ხელშეკრულების დადგენილი არ იყო კონკრეტულად რა ვადაში უნდა მოეხერხებინა კონტრაქტორს მშენებლობის ნებართვის აღება, რაც პროექტების გადავადებას იწვევდა. სიტყვიერი შეთანხმების პრაქტიკა იყო, რაც მიუღებელია და მთლიანობაში ფონდის საქმიანობის სტრუქტურული რეორგანიზაციის და რეფორმის აუცილებლობა, რაც თვალნათლივ ჩანს", - განაცხადა სოხეძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები