მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მგფ: მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" დიზაინი ევროპულ კომპანიას ეკუთვნის

594a658536a6b
BM.GE
21.06.17 16:21
4147
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, თბილისში ახალი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და ამჟამად 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული გვირაბების სრული რეაბილიტაცია პრაქტიკულად დასრულებულია.

"მიმდინარეობს სანდრო ეულის ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამოსასვლელების მოპირკეთება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პარალელურად, დამონტაჟებული სისტემების გამართვასა და ტესტირებაზე მუშაობს.

დაკონსერვებული გვირაბების სრული რეაბილიტაციის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი უსაფრთხო სადგური აშენდა. სამუშაოებს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, ესპანური კომპანია COBRA ASSIGNIA (კობრა ასიგნია) აწარმოებს. მეტროსადგურის დიზაინი ასევე ეკუთვნის ესპანურ კომპანიას",- აცხადებენ უწყებაში.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მეტროსადგური "უნივერსიტეტი" განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით. მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" ამუშავება, დღეში 15 000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

დედაქალაქში ახალი სადგურის მშენებლობა ურბანული ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 2,6 კმ. დასრულდა სადგურის მიწისქვეშა და დასასრულს უახლოვდება მიწისზედა ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები -კეთდება მეტროდან 4 ამოსასვლელი. მომზადდა სალიანდაგო ხაზები, ელექტრო ქვესადგური, დამონტაჟებულია ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები.

მშენებლობაზე 250 ადამიანია დასაქმებული. მუნიციპალური განვითარების ფონდი სამუშაოებს მიმდინარე წლის ივლისში დაასრულებს და ობიექტს სატრანსპორტო კომპანიას გადასცემს",- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები