საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე BMG-ის კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ 1.7 გიგავატის ენერგეტიკული პროექტების შეჩერება თავად პროექტების დახარვეზებითაა განპირობებული.
"პროექტების ნაწილი არის დუბლირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ იყო ერთი სქემით დაწყებული, მაგრამ მერე, როცა აუქციონები გაჩნდა, გადმოვიდნენ აუქციონზე, თუმცა ეს ძველი პროექტები ჩარჩა იმ ძველ სქემაში.
ნაწილი იყო შემოტანილი პროექტები, თუმცა, როდესაც გაიგზავნა წერილები და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის მაგალითად დაერთებაზე, ეს ინფორმაცია ვერ იქნა წარმოდგენილი. ამიტომ, აქ არის ძალიან ბევრი კომპლექსური პრობლემა. მე მგონია, რომ ნაწილი ამ პრობლემების აბსოლუტურად შემთხვევით და ხელოვნურად იყო შექმნილი, ნაწილი თვითონ პროექტების ხარვეზი იყო და შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მთავრობის 13 ოქტომბრის განკარგულებით შეწყდა ათობით ენერგეტიკული პროექტის განხილვა, რომლებზეც საინვესტიციო შეთანხმებები (მემორანდუმები) არ იყო გაფორმებული. ეს პროექტები ძირითადად წარდგენილი იყო პირდაპირი კონტრაქტების შეთანხმების პროგრამის ფარგლებში და მათ განხილვებში მონაწილეობდა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელსაც ამჟამად კორუფციის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი.
გაუქმებული პროექტები მოიცავს ჰესებს, მზის და ქარის ელექტროსადგურებს. არაერთი მათგანის შესახებ საქმის წარმოება დაიწყო წინა პრემიერმინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში, ასევე მაშინ როდესაც ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის სექტორის საკითხებს კურირებდა რომეო მიქაუტაძე, რომელიც ამჟამად კორუფციის მუხლით არის ბრალდებული.




























