კომპანია „მგზავრები“ საგურამოში საცხოვრებელი კომპლექსს აშენებს. პროექტ „მგზავრების უბანი საგურამოში“ საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ ლარამდეა. კომპანიის დამფუძნებელი დავით ცერცვაძე გადაცემა #რედაქტ2-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპლექსი სრულად 100-120 სახელზეა გათლილი და 40% უკვე გაყიდულია, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად მოწყობილია.
„საგურამოში სოფლის ტიპის განაშენიანებას ვაკეთებთ. 5 ჰა-ზე კერძო სახლები შენდება, სადაც მაღალი კლასის ინფრასტრუქტურა იქნება მოწყობილი - საცურაო აუზები, სათამაშო მოედნები, რეკრეაციული ზონა, კაფე-რესტორნები. ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულად დავასრულეთ, სახლების 40% კი აშენებული და გაყიდულია. თუ ყველაფერი კარგად იქნება, პროექტს დაახლოებით 1.5 წელიწადში დავასრულებთ. კომპლექსი 100 – 120 სახლს მოიცავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ ლარამდეა“, - აღნიშნა დავით ცერცვაძეს.
მისი ინფორმაციით, პროექტის მიმართ ინტერესი ძირითადად ადგილობრივების მხრიდან არის და ამ პროექტით ცდილობენ საცხოვრებელი სახლები ისეთ ფასად გაყიდონ, რომ თბილისის გარეუბნებში ბინების გაყიდვებს გაუწიონ კონკურენცია.
„გვაქვს პროექტების არჩევანი და ვუთანხმებთ მყიდველს რომელ მიწაზე, რა ტიპის პროექტი უნდა, ან უკვე აშენებულ სახლებს ვთავაზობთ. ამ კომპლექსში სახლის შეძენით ძირითადად ადგილობრივები ინტერესდებიან, თუმცა ინტერესი უცხოელების მხრიდანაც არის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დიდი ინტერესია ახალგაზრდების მხრიდან, რომლებიც ქონებას დედაქალაქთან ახლოს არა სააგარაკედ, არამედ საცხოვრებლად განიხილავენ.
კომპლექსის კონცეფცია ისე განვავითარეთ, რომ სახლების ყიდვა ხელმისაწვდომი ყოფილიყო, რითაც კონკურენციას თბილისის გარეუბნებში ბინებს ვუწევთ. მაგალითისთვის ჩვენთან 3-საძინებლიანი სახლის ყიდვა ეზოთი 90 000 დოლარად არის შესაძლებელი. სახლის შეძენით, მფლობელი სარგებლობს იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც კომპლექსშია მოწყობილი“, - განმარტა „მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებელმა.