იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი აბონემენტია დღეისთვის გაყიდული და რამდენი ადამიანი იხდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის საფასურს ერთჯერადად, მგზავრობის საშუალო ტარიფი 32 თეთრი გამოვიდა - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ერთიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ(1 თებერვალი) 40 000 სამგზავრო აბონემენტია გაყიდული და მათი დიდი ნაწილი ერთთვიან და ერთწლიან აბონემენტებზე მოდის.
„რაც შეეხება ტარიფს: საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურის და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება დღეის მდგომარეობით 32 თეთრი გამოვიდა.
ოპონენტების მხრიდან გვესმის კრიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა საზოგადოებას მივმართო, თვლა და მათემატიკა ყველამ კარგად იცის. იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც თქვენ მგზავრობისთვის გჭირდებათ, სხვადასხვა ტიპის პაკეტების შეძენა შეგიძლიათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის: თბილისის მერიის ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრობის ერთიანი/ინტეგრირებული გადახდის სისტემა ამოქმედდა, რაც მანამდე არსებული გადახდის სისტემისგან განსხვავებულია. კონკრეტულად კი მეტროში, ავტობუსსა და მიკროავტობუსში მოქალაქეები მგზავრობის საფასურს სპეციალურად შემუშავებული 90-წუთიანი, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი და ერთწლიანი აბონემენტის შეძენით შეძლებენ. თუმცა მგზავრები საფასურის გადახდას ძველი, დღემდე მოქმედი ბარათებითაც შეძლებენ.




























