მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიჩნდება აზრი, რომ ხელისუფლება და რომელიღაცა „კანტორები“ კორუფციაში არიან ჩაბმულები – ბაღდოშვილი

5fcb3f623ed11
ვიქტორია მღებრიშვილი
05.12.20 12:30
3361
რესტორატორი და შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ რეალობას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან “BMG Drive”-ში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების შედეგად უამრავი ობიექტი დაიკეტა და განადგურდა, რომლის უკან ადამიანები და მათი ოჯახები დგანან, თუმცა კანცელარიაში გადაწყვეტილების მიმღები პირები ამას ვერ ხედვენ. რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს საკითხები კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს და არა რომელიმე სექტორის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების კუთხით.

„ჩემი აზრით, ჩვენი ხელისუფლება საერთოდ ვერ ხედავს - რა ხდება სახელმწიფოში.

ლოგიკას გვაყვეთ - მე როცა მზღუდავ, უნდა მქონდეს არჩევანის საშუალება - რანაირად ვამუშავო ჩემი ობიექტი შეზღუდული წესებით; მზღუდავ და ქვეყანაში „დელივერის“ ორად ორი კომპანიაა, რომელიც ოფიციალურად დღის შუქზე გვაყაჩაღებს... ასევე, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს და არის ტაქსი, რომელშიც არც ერთ მძღოლს არ აქვს სადეზინფექციო ხსნარი, რომ სტუმრის მომსახურების შემდეგ დეზინფექცია ჩაატაროს, ჩვენ - რესტორნები ამ ხარჯს ვწევთ და სტუმრის მოსვლამდე და წასვლის შემდეგ ვადეზინფიცირებთ ყველაფერს...
 
აქ ადამიანთა უფლებების დარღვევააა უკვე - თუ მაძლევ საშვს „დელივერიზე“, მზარეულზე რატომ არ მაძლევ? მე თუ 9 საათზე მკეტავ და სინამდვილეში ვიკეტებით 8-ზე ან 7-ზე, რადგან მზარეულები გარეუბნებში ცხოვრობენ და სახლამდე მისვლას დროს სჭირდება... ამასთან, გაძვირებულია ტაქსის ტარიფები. ამ სიტუაციაში მიჩნდება აზრი, რომ ხელისუფლება და რომელიღაცა „კანტორები“ კორუფციაში არიან ჩაბმულები. რაღაც ბენეფიტებს ხედავენ ტაქსის და დელივერი კომპანიებიდან.
 
ჩვენ თუ უნდა გავითვალისწინოთ ჰიგიენის წესები, მაშინ ეს კერძო კანტორები რატომ არ ითვალისწინებენ? თუ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და თანაბარუფლებიანობაზე გვაქვს საუბარი... მე არ მინდა ახლა ამ სექტორში ჩე გევარა გამოვიდე, მაგრამ უბრალოდ ძალიან მიჭირს ჩემი კოლეგების და პერსონალის თვალებში ჩახედვა, როდესაც ამ ადამიანებს შიათ და სამსახურში ვერ მოდიან, იმიტომ რომ შორს ცხოვრობენ“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე - რას გულისხმობს შეფმზარეული, როდესაც ამბობს რომ „დელივერი“ კომპანიები აყაჩაღებენ და ხომ არ გააძვირეს მიტანის კომპანიებმა მომსახურების ტარიფები, გურამ ბაღდოშვილი ამბობს, რომ სერვისის მომსახურების საფასური კვლავ 30%-35%-ია, რაც ჩვეულ პირობებში ოპერირებისას მათთვის მომგებიანი არ იყო, თუმცა, იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის კომფორტი შეექმნათ, რესტორნები ამ სერვისითაც სარგებლობდნენ, დღეს კი მათი მდგომარეობა არასახარბიელოა და ეს ფასი მათთვის ძალიან მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები