ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი იაპონიაში საქმიანობის მასშტაბურ გაფართოებას აანონსებს და 2026-2029 წლებში ქვეყნის ციფრულ ეკო სისტემაში $10 მილიარდის (დაახლოებით 1.6 ტრილიონი იენი) დაბანდებას გეგმავს.
აღნიშნული ინიციატივა ბოლო ათწლეულის განმავლობაში იაპონიის ტექნოლოგიურ სექტორში განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციად მიიჩნევა. პროექტი სამ ძირითად მიმართულებას - ტექნოლოგიურ განვითარებას, ნდობის მოპოვებასა და ტალანტების მომზადებას მოიცავს. კორპორაცია გეგმავს, რომ Azure-ის პლატფორმა იაპონიის ციფრული ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად აქციოს, რაც ადგილობრივ ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებს სენსიტიური მონაცემების ქვეყნის შიგნით შენახვისა და დამუშავების საშუალებას მისცემს.
ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ იაპონია ამჟამად მუშახელის დემოგრაფიულ კრიზისსა და კვალიფიციური კადრების დეფიციტს ებრძვის. იაპონიის მთავრობის პროგნოზით, 2040 წლისთვის ქვეყანას რობოტოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით 3 მილიონზე მეტი სპეციალისტი დააკლდება. ამ გამოწვევის საპასუხოდ, Microsoft-ი აცხადებს, რომ 2030 წლისთვის ერთ მილიონზე მეტ ინჟინერსა და დეველოპერს გადაამზადებს. პარალელურად, კომპანია აძლიერებს თანამშრომლობას იაპონიის ეროვნულ ინსტიტუტებთან კიბერუსაფრთხოების კუთხით, რაც საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლასა და ციფრული საფრთხეებისგან დაცვას ისახავს მიზნად.
სტრატეგიის ფარგლებში Microsoft-მა პარტნიორებად ისეთი მსხვილი ადგილობრივი მოთამაშეები შეარჩია, როგორებიცაა SoftBank-ი და Sakura Internet-ი. აღნიშნული კოლაბორაცია მიზნად იაპონიის ბაზარზე AI ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს, რაც კორპორაციას პოლიტიკური ბარიერების გადალახვასა და რეგულირებად სექტორებში - მედიცინაში, ფინანსებსა და წარმოებაში - პოზიციების გამყარებაში დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ 2024 წელს კომპანიამ იაპონიაში $2.9 მილიარდის ინვესტიცია უკვე განახორციელა, ახალი ოთხწლიანი გეგმა კი ამ სტრატეგიის გაგრძელებაა. ინვესტიციის მასშტაბები მიანიშნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურა თანამედროვე პოლიტიკაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხად მიიჩნევა, რომლის ეფექტიანი გამოყენებაც ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის კრიტიკულ საკითხად ცხადდება.




























