ტექნოლოგიური სექტორის გიგანტებმა, Microsoft-მა და Nvidia-მ სტარტაპ Anthropic-თან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. როგორც კომპანიების ოფიციალური გვერდებიდან ვიგებთ, პოზიციების დაახლოების მიზანი Claude-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელის გაძლიერებაა.
Anthropic-ი დებს პირობას, რომ საკუთარ მოდელს Microsoft Azure-ის ქლაუდ სერვისის გამოყენებით განავითარებს, რისთვისაც კომპანიას $30 მილიარდს გადაუხდის. მიღებული თანხის ნაწილით Microsoft-ი Nvidia-სთან ექსკლუზიურ შეკვეთას გააფორმებს და მონაცემთა ცენტრებში განსათავსებელ Blackwell-ის უახლეს ჩიპებს სპეციალურად Anthropic-ისთვის შეიძენს. საუბარია 1 გიგავატის სიმძლავრის გამოთვლით შესაძლებლობაზე, რომელიც მხოლოდ Claude-ის განვითარებას მოხმარდება.
ამასთან, Nvidia და Anthropic-ი ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ. ისინი AI მოდელის დიზაინზე იმუშავებენ და მას მაქსიმალურად დაუახლოვებენ Nvidia-ს ჩიპების სისტემას.
სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ Anthropic-ის მხრიდან თანხის გადახდით არ შემოიფარგლება. მასშტაბური გარიგების ფარგლებში, Nvidia და Microsoft-ი AI სტარტაპში ჯამურად $15 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებენ და მის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობენ ხელს. ამასთან, Microsoft-ი Anthropic-ს საკუთარ AI პლატფორმა Copilot-ში ჩააშენებს და მომხმარებელს ხელოვნური ინტელექტის ალტერნატიულ მოდელს შესთავაზებს.























