მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანია საჯარო მოხელეთა დაშინება - IDFI

დასაქმებული

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს ეხმიანება. IDFI-ის შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანია საჯარო მოხელეთა დაშინება - არ შეეწინააღმდეგონ საქართველოს კონსტიტუციის აშკარა დარღვევას და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობას.

ორგანიზაციაში თავის მოსაზრებას ასაბუთებენ და აცხადებენ, რომ ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება დასტურია იმისა, რომ "ქართული ოცნება" შეძლებს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობას და საქართველოს იზოლაციას დემოკრატიული სამყაროსგან და რომ ის დაიწყებს სხვადასხვა, მათ შორის, საჯარო სექტორის წმენდას პარტიისთვის მიუღებელი ადამიანებისგან.

დამოუკიდებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი საჯარო სამსახური ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ საჯარო სამსახურის რეფორმა იყო (მე-4 მუხლი). ასოცირების შეთანხმების საფუძველზე განხორციელებულ რეფორმას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპარლამენტის მხრიდან.

ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა საჯარო მოხელეების განცხადებები, სადაც მათ კანონის ფარგლებში წინააღმდეგობა გამოხატეს ქართული ოცნების მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც საფრთხის ქვეშ დააყენა კონსტიტუციაში ასახული ქართველი ხალხის ნება ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. აღნიშნულის საპასუხოდ, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეების მიმართ მუქარას მიმართეს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საჯარო მოხელეების ქმედებაზე მათ შესაბამისი რეაგირება ექნებოდათ. კახა კალაძემ ეს პროცესი “თვითლუსტრაციად” მონათლა და თბილისის მერიაში დაგეგმილ რეორგანიზაციას დაუკავშირა. 2024 წლის 9 დეკემბერს კი მამუკა მდინარაძემ საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო 13 დეკემბერს. ცვლილებების მიხედვით, მარტივდება საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის პროცესი და მცირდება მოხელეთა დამოუკიდებლობის ხარისხი.

თავდაპირველად ინიციირებული ცვლილებებით გათვალისწინებული იყო საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ახალი საფუძველი - სტრუქტურულ ერთეულში თითოეული დასაქმებულისათვის ახალი ფუნქციის დამატება ან არსებული ფუნქციების ცვლილება. თუმცა, კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებამდე, აღნიშნული ცვლილება უკან იქნა გახმობილი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, კვლავ დარჩა წესი, რომლის მიხედვითაც, რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებულ მოხელეზე აღარ გავრცელდება სხვა თანამდებობაზე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის წესი, არამედ იგი უპირობოდ გათავისუფლდება თანამდებობიდან. ამასთანავე, რეორგანიზაციის შედეგად მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ გამოიწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. სასამართლოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილება კი ვერ დაედება საფუძვლად პირის თანამდებობაზე აღდგენას, არამედ მიეცემა განაცდური და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, სურვილის შემთხვევაში კი მოხელეთა რეზერვშიც ჩაირიცხება.

გარდა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული წესებისა, ცვლილებების საფუძველზე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ეძლევა უფლებამოსილება, შეცვალოს მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული მოხელის შეფასება 1 თვის ვადაში. აღნიშნული საფუძველს აცლის საჯარო მოხელეებისა და მათი უშუალო ხელმძღვანელების დამოუკიდებლობას და ზრდის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მათზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას.

შემაშფოთებელია, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, მას დაემატა უფრო მეტი რეპრესიული მექანიზმი. კერძოდ, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მოადგილეები ხდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. ამასთან, მათი ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადად განისაზღვრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ ცვლილებას ხსნიან უმაღლეს მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული პირისადმი ნდობის აუცილებლობით, თუმცა რეალურად, ცვლილების მიზანი ამ თანამდებობის პირებზე საკანონმდებლო გარანტიების გაუვრცელებლობა და მათი დამორჩილების მცდელობაა. ამასთან, აღნიშნული წესი, ასევე რეორგანიზაციის გამარტივებული წესები, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზეც. გარდა ამისა, კანონპროექტს დამატებული ახალი წესის მიხედვით, მოხელის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში, მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მომდევნო შესაფასებელი პერიოდის (6 თვეში ერთხელ) დაწყებამდე. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი დასახელებული ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის დაკავების და საქმიანობის თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიებს.

საქართველოს საჯარო სამსახურების წმენდა თავისუფალი და მაღალი პოლიტიკური მედეგობის მქონე ადამიანებისგან წლების წინ დაწყებული პროცესია. IDFI-ის შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანია საჯარო მოხელეთა დაშინება - არ შეეწინააღმდეგონ საქართველოს კონსტიტუციის აშკარა დარღვევას და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობას.

IDFI-ის მოსაზრებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების შინაარსი და მისი დაჩქარებული წესით მიღება დამატებითი დასტურია, რომ თუ ქართული ოცნება შეძლებს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობას და საქართველოს იზოლაციას დემოკრატიული სამყაროსგან, იგი დაიწყებს სხვადასხვა, მათ შორის, საჯარო სექტორის წმენდას პარტიისთვის მიუღებელი ადამიანებისგან", - ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.

დღეს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი წესრიგდება, მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნასთან, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასთან და საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ გაიმართა კონსულტაციები საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და ასევე, გაზიარებული იქნა სახალხო დამცველის ცალკეული შენიშვნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები