მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიგრაციაზე დამყარებული შემოსავალი არამდგრადია" - როგორ უნდა შეინარჩუნოს IT სექტორმა ზრდა?

it სექტორი

Future Lab-ის მმართველი პარტნიორის, ირაკლი ქაშიბაძის შეფასებით, საქართველოს IT სექტორის შემოსავლებში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ მიგრანტებს აქვთ.

როგორც ქაშიბაძემ BMG-ს სექტორის მაჩვენებლების შეფასებისას განუცხადა, მიღმა ადგილობრივი IT სპეციალისტებისა, დარგში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვთ არამარტო მეზობელი ქვეყნების, არამედ მაგალითად, აშშ-დან ჩამოსულ სპეციალისტებს, რომლებიც საქართველოდან მუშაობენ. შესაბამისად, მათ მიერ გაწეული მომსახურება და შექმნილი პროდუქტები საქართველოს IT სექტორის სტატისტიკაში ხვდება.

Future Lab-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ რადგან მიგრაციიდან მიღებული შემოსავლები ზოგადად არასტაბილურია, აუცილებელია, ქვეყანამ უცხოელი სპეციალისტების შედარებით გრძელვადიანად შენარჩუნებაზე მეტი აქცენტი გააკეთოს.

“ტენდენცია, რომელსაც ვაკვირდები არის ის, რომ საქართველოში არა მარტო მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ მაგალითად, აშშ-დანაც ჩამოდიან ვენჩურული ინვესტორები, სპეციალისტები და აქედან მუშაობენ. ეს აჩვენებს პერსპექტივას ე.წ. ციფრული მომთაბარეებისთვის, თუ რამდენად კომფორტული, რამდენად მარტივი არის ამ პროცესების წარმოება ქვეყნიდან [საქართველოდან], რაც როგორც ვხვდები, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელემენტია ამ შემოსავლების გენერირებისთვის.

შესაბამისად, ფაქტობრივად გარდა საკუთარი რესურსისა, რასაც ქვეყანა ზრდის IT სპეციალისტების თვალსაზრისით, ის იზიდავს უამრავ საინტერესო კადრს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო პროცესს ახორციელებს ამ ქვეყნიდან, თუმცა მათ გააჩნიათ ძალიან დიდი პოტენციალი თავისი ცოდნიდან გამომდინარე, რომ მოახმარონ IT ეკოსისტემის, გარემოს და სტარტაპების განვითარებას.

ტენდენცია აჩვენებს იმას, რომ ზოგადი კომფორტული გარემო იზიდავს ამ ადამიანებს, ჯაჭვურ რეაქციას ქმნის და თუ ტენდენცია შენარჩუნდება უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა და უფრო მეტი ადამიანი იმუშავებს [საქართველოდან]. თუმცა არსებობს უფრო მეტი პოტენციალი ამ ხალხის გამოყენების, თუნდაც მათთვის გარკვეული ინფრასტრუქტურული შეთავაზებების განხორციელებით, თუნდაც სხვადასხვა საქმიანობაში მათი ჩართვის და ამ პრინციპით უკვე შესაძლებელია შემოსავლების გაცილებით მეტად გაზრდა.

მნიშვნელოვანია რომ უკეთესი პირობა შევქმნათ, მოხდეს დაშენება სპეციალური პრინციპების, თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და საბოლოო ჯამში ამ პროცესის მაქსიმალურად გამოყენება. მაგრამ ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ხალხი მუდმივად მოგზაურობს. ანუ მოგზაურობის შედეგად შეიძლება იყოს არასტაბილური ეს შემოსავალი, როგორც წესი, მიგრაციაზე დამყარებული შემოსავალი არის ძალიან საფრთხილო.

ამიტომ ამ არამდგრადი შემოსავლის თვალსაზრისით უნდა იყოს გააზრებული, როგორ ხდება ამ ეტაპზე მაქსიმალურად უკუგების მიღება იმ ხალხისგან, რომელიც დღეს აქ არის. ეს შეიძლება იყოს იგივე ახალი კომპანიების ჩამოყალიბებაში, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში მათი ჩართვა, მათი ხელშეწყობა, რომ მეტი კონსულტაცია მისცენ ჩვენს დამწყებ პროგრამისტებს, ინოვატორებს და საბოლოო ჯამში ეს ძალიან კარგ დოვლათს დატოვებს ქვეყანაში არა მხოლოდ გადასახადების და დახარჯული ფულის თვალსაზრისით, არამედ ინტელექტუალური კაპიტალის სახითაც, რომელიც ყველაზე ღირებულია ქვეყნისთვის”, - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, 2025 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 1,15 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 67%-ით, ანუ 459 მილიონი დოლარით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები