საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულია: ინდოეთის, თურქეთის, ირანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, ბელარუსის, ერაყის, იორდანიისა და ლიეტუვის - ჯამში 30 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.




























