„სახელმწიფო ვერანაირად ვერ მოახდენს წარსულში კომპანიის კომპენსირებას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
გენადი არველაძემ კომიტეტის წევრებს ანტიდემპინგური კანონმდებლობა წარუდგინა. დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დაინტერესდა, რამდენად შეეხება კანონი წარსულში დემპინგური ფასების გამო დაზარალებულ კომპანიებს. დეპუტატმა დაზარალებული კომპანიის მაგალითად ცემენტის წარმოება მოიყვანა და თქვა, რომ ირანული ცემენტის წარმოება ქართულ „ჰაიდელბერგ ცემენტს“ დიდ პრობლემებს უქმნიდა და კომპანიას ფაქტობრივად ანადგურებდა.
„წარსულში მომხდარს ვერავინ აუნაზღაურებს. მყისიერი მოქმედება ხდება იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო პროცესი 12-18 თვე გაგრძელდება. წარსულის ნაწილზე კომპენსაცია არ ხდება. სახელმწიფო ვერანაირად ვერ მოახდენს კომპანიის კომპენსირებას. კომპენსირება ხდება იმისთვის, რომ კომპანიამ ბაზარზე შექმნას კონკურენტული გარემო. ეს მექანიზმი არის იმისთვის, რომ ადგილობრივ ინდუსტრიას შევუქმნათ დაცვის მექანიზმი და ბაზარზე შევქმნათ კონკურენტული გარემო, რომ შეძლოს თავისი პროდუქტის რეალიზაცია კონკურენტული ფასით“, - უპასუხა მინისტრის მოადგილემ დავით ჭიჭინაძეს.
შეგახსენებთ: ეკონომიკის სამინისტრო კანონის ამოქმედების ვადად 2021 წლის 1 ივნისის განსაზღვრას ითხოვს.