ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "ინვესტიციების სააგენტოს" დირექტორი მიხეილ ხიდურელი ბრიტანული კომპანიის Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას ეწვია.
მხარეებმა საქართველოში კომპანიის გაფართოებისა და თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი ბრიტანული კომპანიის Contact Web Ltd
საქართველოს წარმომადგენლობას ეწვია. Contact Web Ltd - მა საქართველოში ოპერირება სწორედ სააგენტოს აქტიური ჩართულობით დაიწყო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში კომპანიის გაფართოების და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრიტანულმა Contact Web Ltd-მა საქართველოში საქმიანობა გასულ თვეს დაიწყო. კომპანია ციფრული ბიზნესსერვისებისა და მომხმარებელთა გამოცდილების (CX) მიმართულებით ოპერირებს და საქართველოში ეტაპობრივად დაახლოებით 250 სამუშაო ადგილის შექმნას განიხილავს.
კერძოდ, როგორც მიხეილ ხიდურელი აღნიშნავს, 50 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი წლის ბოლომდე შეიქმნება, დამატებით 200 კი - 2 წლის განმავლობაში.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტომ ჰორნეს განცხადებით კი, Contact Web Ltd-ის ქართული გუნდი საქართველოდან მსოფლიოს ორ წამყვან ბრენდს მოემსახურება.




























