“უკაცრავად, არსებობს წითელი ხაზები, სანქციები უნდა აღსრულდეს” - ეს უნდა უთხრას თურნავამ “ოცნებას”- ამის შესახებ “საქმის კურსის” ეთერში კომპანია "სტემსქეილის" მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა მიხეილ კუკავამ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს დიდი როლი აკისრია იმაში თუ როგორ მოხდება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან დაწესებული სანქციების აღსრულება.
კუკავას თქმით, გასულ წელს სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესის გამოცემით, ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ხაზი გადაუსვა ეროვნული ბანკის 20 წლიან ინსტიტუციურ მეხსიერებას. მისი შეფასებით, ქვეყნის რეპუტაციისგან რა დარჩება, დიდწილად დამოკიდებულია ეროვნულ ბანკზე და აუცილებელია ნათია თურნავამ ქართულ ოცნებას და მთავრობამ უთხრას, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც არ გადავა და ქვეყანაში სანქციების აღსრულება მოხდება.
“ჯობს რომ ეროვნულმა ბანკმა შექმნას ისტორია, მათი როლი არის აქ ძალიან დიდი. ქვეყნის რეპუტაციისგან რა დარჩება, დიდწილად დამოკიდებულია ეროვნულ ბანკზე. 21-ე საუკუნეში ნაღდი ანგარიშსწორება წარმოუდგენელია, ამ ადამიანებს მოუხდებათ საბანკო სექტორის გამოყენება, შეუძლებელია დღეს ნაღდი ფულით იცხოვროს ადამიანმა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეცვალოს კურსი და უნდა დაფიქრდეს მმართველი პარტია იმაზე თუ საით მივდივართ, ასევე ეროვნული ბანკი, რომელსაც ძალიან დიდი როლი აკისრია.
პაუელი ფედის თავმჯდომარე, რომელმაც ტრამპს უთხრა გარკვევით, მოსვლა შენი საქმე იყო, წასვლა ჩემი საქმეა. ტრამპს უნდა მისი მოძრობა, მაგრამ პაუელი ამბობს, რომ არანაირი იურიდიული ბერკეტი ამისთვის არ აქვს. იგივე შეიძლება გააკეთოს ქალბატონმა თურნავამ, რომელიც ძალიან გონიერი და ჭკვიანი ადამიანია და თქვას, რომ უკაცრავად არსებობს წითელი ხაზი, რომელსაც არ გადავალთ და ეს სანქციები უნდა აღსრულდეს მთელი მასშტაბით.
როდესაც დაფიქრდება ადამიანი რა რჩება ჩემს შემდეგ, რა დარჩება ქალბატონო ნათია თურნავას, მმართველი პარტიის ერთგულება თუ ისტორიის გაგრძელება, რომელიც შექმნა ეროვნულმა ბანკმა 20 წლის მანძილზე. რა დარჩება, რას წაიღებს, მოვალეობის შემსრულებელი ის სულ ხომ ვერ იქნება? ამის მაგალითი არამხოლოდ პაუელია, რომელმაც ძალიან ცუდად აჩვენა თავი როგორც მონეტარულმა ეკონომისტმა, ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვა, მაგრამ პირველ რიგში მას გაუხსენებს ისტორია ტრამპისთვის წინააღმდეგობას, იგივე შეიძლება გააკეთოს ნათია თურნავამ.”-აცხადებს კომპანია "სტემსქეილის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა.