"ქართული ოცნების" მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი, მათ შორის დარგობრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობა ზრდის ტენდენციით გამოირჩევა, თუმცა ამ მხრივ გაცილებით მეტი შესაძლებლობები არსებობს", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, საქსტატის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველო-სერბეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ $16.45 მილიონი შეადგინა, რაც 2024 წლის პირველ ათ თვესთან შედარებით, 26%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამასთან, 2025 წლის ათ თვეში განახევრდა საქართველოდან სერბეთში ექსპორტი და $862 ათასი შეადგინა. იმპორტი კი 37%-ით, $15.5 მილიონამდე გაიზარდა.
ადმინისტრაციის ცნობით, ვუჩიჩისა და ყაველაშვილის შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე შუა დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობას. ყაველაშვილის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანად ფუნქციონირებას.
"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჭიროა ორივე მხარემ ხელი შეუწყოს პარტნიორობის წახალისებას უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის. ასევე მნიშვნელოვანია გამოცდილების ურთიერთგაზიარება ახალგაზრდობის პოლიტიკის სფეროში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხებზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს და სერბეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრას "ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პარლამენტის დეპუტატები, სერბეთში საქართველოს ელჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




























