მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მას უთხრა, რომ "აუცილებლად ეცდებიან, განაახლონ ჩვენთან ურთიერთობა"

მიხეილ ყაველაშვილი

"ოცნების" მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და ვიცეპრეზიდენტთან შემდგარ გასაუბრებაზე საუბრობს. როგორც მან "იმედის" ეთერში აღნიშნა, იტალიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამზე, მას მიეცა შესაძლებლობა გასაუბრებოდა მარკო რუბიოს და ჯეი დი ვენსის.

"საკმაოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იყო, სადაც გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთთან გასაუბრების და ამ ფორმატში სასიამოვნო იყო, რომ მისალმების შემდეგ, მარკო რუბიო მომესალმა და შემდეგ ჯეი დი ვენსი, რომელთანაც პატარა, თბილი, გულწრფელი პოზიტიური საუბარი შედგა", - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ჯეი დი ვენსთან მცირე საქმიანი საუბარიც შედგა და მან აღნიშნა, რომ ინფორმირებულია საქართველოს შესახებ და აუცილებლად მოხდება ურთიერთობების განახლება.

„რა თქმა უნდა, მცირე საქმიანი საუბარიც შედგა. მისი მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ დიახ, ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. ბევრი პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, მან განაცხადა, რომ ისინი ინფორმირებული არიან, კიდევ მეტ ინფორმაციას იღებენ და აუცილებლად ეცდებიან, რომ განაახლონ ჩვენთან ურთიერთობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა თბილად მოიხსენია საქართველო და პატრიარქზეც ისაუბრა.

„ძალიან თბილად მოიხსენია ჩვენი ქვეყანა და გაკვირვებული ვიყავი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს თუ რამდენად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ტრადიციების მიმდევარი, პატრიარქიც კი ახსენა. შემდეგ ამას მოაყოლა, რომ ლოცვის დღე, 17 მაისი დააფუძნეს სულ ახლახან და რომ ვუთხარით, რომ ჩვენ 10 წლის წინ ზუსტად 17 მაისი სწორედ პატრიარქის ინიციატივით მოხდა, რომ ოჯახური სიწმინდის დღედ არის საქართველოში გამოცხადებული, ძალიან გაუხარდა და ესიამოვნა. აი ასეთი გულწრფელი, თბილი ურთიერთობა იყო. შეიმჩნეოდა კიდევაც, მე მგონი საზოგადოებამ ნახა სურათები. როცა საუბრობ ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, მით უმეტეს ქრისტიანულ ღირებულებებზე ძალიან თამამები ვართ ქართველები, იმიტომ, რომ ამხელა ქრისტიანული ისტორიის მქონე ერი ვართ, თან ისიც განვუცხადეთ, რომ 1700 წელს აღვნიშნავთ წელს და საკმაოდ დიდი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს საქართველოში ამასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს ძალიან სასიამოვნოდ ისმენდა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ დღესაც მიეცა მას ჯეი დი ვენსთან და მარკო რუბიოსთან გასაუბრების საშუალება.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეორე დღეს, როცა უკვე მხოლოდ ქვეყნის ლიდერები ვიყავით წარმოდგენილი იტალიის პრეზიდენტის საზეიმო მიღებაზე, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში. ისევ გვქონოდა გასაუბრების საშუალება. ჯეი დე ვენსი მოგვესალმა და შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტხანს შეჩერდა ჩვენთან და უფრო სიღრმისეული გამოდგა საქმიანი საუბარი", - აღნიშნა მან.

პრეზიდენტის მტკიცებით, მარკო რუბიომ საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ აღდგეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.

„მან აღნიშნა, ეს მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა ის სიტყვა გამოვიყენო, პირდაპირ შეიძლება არ ითარგმნება ინგლისურად, უფრო სიმყრალესთან, ესე აღნიშნა რა უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არაშესაბამისი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი, მათ ძალიან კარგად გაიარეს, გაანალიზეს ეს პროცესი, პროცესში არიან, რომ გაწმინდონ ეს ნეგატივი ჩვენს ურთიერთობებში და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები შედგეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუბიოც საკმაოდ გათვითცნობიერებული იყო იმ საკითხში, რაზეც წინა დღეს ვენსთან ისაუბრა, საერთო ღირებულებებზე და იმაზე, რომ ტრამპი ზუსტად ამ ღირებულებებით პოზიციონირებდა სანამ გაიმარჯვებდა და შემდგომაც.

„ჩვენი დამოკიდებულება ღიაა, ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით, ამ ეტაპისთვის ყველამ იცის ჩვენი გზავნილი, რომ გვინდა ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობების წარმოება. როგორც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-ს, იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ ძლიერი ქვეყანა, დომინირებს მსოფლიოში და ის, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა და სწორედ იმ წინა ადმინისტრაციის მიზანმიმართული ქმედებებისა და ძალებისა, რომლებიც დღესაც ცდილობენ, რომ ბევრი პროცესი დააზიანონ, ალბათ უწევთ მათ ამ ძალებთან ბრძოლა და ამ კონტექსტში იყო განხილული, პირდაპირ თქვა, რომ წინა ორშაბათს გვქონდა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით განხილვები და იმდენად დიდი ნეგატივი იყო, რომ დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ჩაუღრმავდნენ და ყველაფერი გაანალიზონ და სათანადოდ, როგორც მათ ქვეყანას ეკადრება ისეთი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოსთან. განაცხადა კიდევაც, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ იმისთვის, რომ გაანალიზებულ რეჟიმში, ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები