მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიკრო და მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის შესახებ წესებში ცვლილებები შევიდა - BDO-ს მიმოხილვა

BDO

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №38, რომლითაც ცვლილება შევიდა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში. ცვლილების შედეგად, განახლდა მიკრო და მცირე ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირებისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესი და საგადასახადო ადმინისტრირების შესაბამისი პროცედურები.

BDO-ს საკანონმდებლო მიმოხილვის თანახმად, ცვლილება შეეხო მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ვალდებულებებს, კერძოდ, პირი ვალდებულია საგადასახადო დოკუმენტები შეინახოს 3 წლის განმავლობაში ნაცვლად 6 წლისა.

"ცვლილებით ასევე განისაზღვრა სტატუსის გაუქმების შემთხვევები და აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული შემოსავლის დაბეგვრის თავისებურებები. კერძოდ, №999 ბრძანების განახლებული მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირს უუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი, თუ მიმდინარე საგადასახადო წელს ამ პირის ჯამური შემოსავალი:

- გადააჭარბებს 30 000 ლარს ან იგი დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას და ამ მომენტის დადგომიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესით დაბეგვრას და პირს მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭება დარღვევის მოხდენის დღიდან. ცვლილებამდე ვერსიით კი თუ პირი არ გამოიყენებდა აღნიშნულ უფლებას, მას ავტომატურად გაუუქმდებოდა მიკრო ბიზნესის სტატუსი და შესაბამისად დაბეგვრის სპეციალური რეჟიმიდან გამოვიდოდა.

- გადააჭარბებს 30 000 ლარს ან იგი დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას და ამ მომენტის დადგომიდან 15 დღის ვადის გასვლის შემდეგ საგადასახადო ორგანოს მიმართავს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით და პირს მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭება განცხადებით მიმართვის დღიდან.

- არ გადააჭარბებს 30 000 ლარს და საგადასახადო ორგანოს მიმართავს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესით დაბეგვრას და პირს მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭება განცხადებით მიმართვის დღიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება განიცადა მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების ვადებმა, კერძოდ №999 ბრძანების განახლებული მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პირი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონედ ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის დღიდან, ნაცვლად მიმართვის დღის მომდევნო თვის პირველი რიცხვისა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ზემოთ ხსენებული პირველი შემთხვევა მიკრო ბიზნესისთვის განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შესახებ.

ინსტრუქციაში მოყვანილი განახლებული მაგალითი 2-ის საფუძველზე ასევე განისაზღვრა ცალკეული შემოსავლების დაბეგვრის განაკვეთები და დეკლარირების წესი, კერძოდ, მცირე ბიზნესის მიერ ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 5%-იანი განაკვეთით და ექვემდებარება ფიზიკური პირის მიერ ქონების/აქტივის მიწოდებაზე საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში წარდგენას, ნაცვლად წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციისა.

ცვლილებით ასევე განისაზღვრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები, როცა იგი სტატუსის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში პირი ვალდებულია არასრულ საგადასახადო პერიოდში (სტატუსის გაუქმების თვიდან შესაბამისი კალენდარული წლის ბოლომდე) მიღებულ შემოსავლებზე წარადგინოს წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე. ამასთანავე, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემდეგ, სტატუსის ხელახალი მინიჭების მიზნით პირს შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს მხოლოდ სტატუსის გაუქმების წლის მომდევნო საგადასახადო წლიდან", - ნათქვამია BDO-ს საკანონმდებლო მიმოხილვაში.

ცვლილებით, ასევე განისაზღვრა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის წარუდგენელი დეკლარაცია ზოგადი წესებით აღარ ეთვლება წარდგენილ დეკლარაციად, სადაც დასარიცხი გადასახადი ნულის ტოლია, შესაბამისად, იგი ვალდებულია ამ შემთხვევაშიც წარადგინოს ე.წ. ნულოვანი საგადასახადო დეკლარაცია.

რაც შეეხება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ პირს, განახლებული ინსტრუქციის მიხედვით, აღნიშნული სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირის შემთხვევაში სავალდებულო ხდება მისი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია. შესაბამისად, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმება, თავის მხრივ გამოიწვევს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმებას.

ცვლილება ძალაშია 2026 წლის 7 მარტიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები