მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროავტობუსების 30-მილიონიან ტენდერში Hyundai-ს დისკვალიფიკაცია მოხდა

5f4df2904a4b3
შოთა ტყეშელაშვილი
01.09.20 11:06
2942
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დედაქალაქისთვის 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ 30-მილიონიან ტენდერში კომპანია Hyundai-ს დისკვალიფიკაციცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

Hyundai სატრანსპორტო კომპანიას H350-ის ტიპის 17-ადგილიანი მიკროავტობუსების მიწოდებას სთავაზობდა, თუმცა სატენდერო კომისიას ავტომობილის ტექნიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჰქონდა, რომელთა დასაზუსტებლადაც კომპანიას 27 აგვისტომდე მიეცა ვადა. 31 აგვისტოს კი, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ კომპანიამ ინფორმაციის მიწოდება ვერ შეძლო, რის გამოც მისი დისკვალიფიკაცია მოხდა. 

სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია დაინტერესდა, იყო თუ არა ტენდერში წარდგენილი მიკროავტობუსი M2-ის სტანდარტის. კიდევ ერთი მოთხოვნილი ინფორმაცია ავტომობილის საწვავის ხარჯს უკავშირდება.

“სატენდერო კომისიის მიერ კომპანიების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე მოძიებულ და ტენდერის მოსამზადებელ ეტაპზე ბაზრის კვლევის ფარგლებში სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციებსა და სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მიერ სატენდერო წინადადებით შემოთავაზებული ავტობუსის Hyundai H350 (17+1 ადგილი) პარამეტრების დამადასტურებელ ინფორმაციად სისტემაში ატვირთულ და Hyundai Motor Company-ის გუნდის მენეჯერის/კომერციული ავტომობილის ექსპორტის გუნდი 1-ის დენი კიმის მიერ ხელმოწერილ წერილებში მოცემულ ინფორმაციებს შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობები და განსხვავებები იწვევს საფუძვლიან ეჭვს სატენდერო წინადადებაში მოცემული პარამეტრების სისწორეთან მიმართებაში", - ნათქვამია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

ტენდერში შემდგომი საუკეთესო ფასის მქონე წინადადება კომპანია "ჯი-თი მოტორსმა" წარადგინა, რომელიც სატრანსპორტო კომპანიას Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსების მიწოდებას სთავაზობს. 

ტენდერში ერთი მიკროავტობუსის ღირებულება 100,000 ლარს შეადგენს. შესყიდვის შემთხვევაში, მერია ამ მიკროავტობუსებს სარგებლობაში “თბილისის მიკროავტობუსს” გადასცემს, რომელიც დედაქალაქში მოქმედი კერძო სატრანსპორტო ოპერატორია. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ახალი მიკროავტობუსი 17 მგზავრზე უნდა იყოს გათვლილი.

თბილისის მერიამ მიკროავტობუსების შესყიდვის ტენდერი წელს ორჯერ შეაჩერა. ივლისში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ხელახლა გამოცხადებული ტენდერის შეჩერების მიზეზი სატენდერო წინადადების აღწერილობაში ცვლილებების შეტანა გახდა, რასაც პოტენციურ მიმწოდებელთა შორის კონკურენცია უნდა გაეზარდა.

შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული 29 მლნ-იანი ტენდერი აპრილის დასაწყისში შეჩერდა. მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა. ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, ახალი ტენდერით სატენდერო წინადადების მიღების დასრულება 3 აგვისტოს იგეგმებოდა.

მესამედ კი ტენდერი 15 ივლისს გამოცხადდა და მასში წინადადების მიღების ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები