ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების და ლიცენზირებული ტაქსების მძღოლები 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარებით ისარგებლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ბევრი მიმართულება დაზარალდა კრიზისით და მათ შორის არის როგორც ტაქსის, ისე ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები. ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ "თბილისის ტაქსის" მფლობელებს შეეძლებათ ისარგებლონ სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათით, რაც არის 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების პროგრამა. ეს შეეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელსაც აქვს ლიცენზია. ამ პროგრამით ისარგებლებენ მიკროავტობუსის მძღოლები. საჭირო იქნება მინიმალური პროცედურების გავლა“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მერმა მიკროავტობუსების მძღოლებს საკარანტინე სივრცეების მომსახურეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირდაპირ ოჯახებში მიგვყავდა გამოჯანმრთელებული ადამიანები. მადლობა მიკროავტობუსის მძღოლებს თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა მოადგილეებს დაავალა, აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია ლიცენზირებული ტაქსების მძღოლებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიაწოდონ.




























