თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებს მგზავრობის ტარიფის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. მძღოლები აცხადებენ, რომ ფასების მომატება მათზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა, გეგმების შესრულება ვერ შეძლონ.
მათი თქმით, კომპანიას ცვლილებების შესახებ მათთვის არ შეუტყობინებია და ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებიდან მიიღეს.
"თუ მოუმატეს ტარიფი, ძალიან ცუდია იქნება, ხალხს 80 თეთრი არ აქვს და ერთ ლარს როგორ გადაიხდის. 50 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს, არ აქვს ხალხს და რა უნდა ქნა? გაიზრდება ტარიფი და კაცი შვილი არ ამოვა „მარშუტკაში“. 20 თეთრით გაძვირება, მთლიანობაში ბევრია, რადგანაც დღეში რამდენჯერმე უწევს ადამიანს მგზავრობა",- აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი „ბიზნესკონტრაქტთან“.
მძღოლები არ გამორიცხავენ, რომ მგზავრობის გაძვირების შემთხვევაში "თბილისის მიკროავტუბუსმა" ყოველდღიური გეგმები გაუზარდოს.
"თბილისის მიკროავტობუსში" აცხადებენ, რომ მგზავრობის გაძვირების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. კომპანიის ინფორმაციით, თუ მგზავრობის საფასურს გზარდის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამას ჩუმად ვერ გააკეთებენ და მოსახლეობას რამდენიმე კვირით ადრე აცნობებენ.

























