მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ „კრისტალის“ პორტფელი სწრაფად იზრდება. როგორც BMG-ს „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა არჩილ ბაკურაძემ განუცხადა, ბანკებთან შედარებით, აქტივების მცირე მოცულობის მიუხედავად, „კრისტალს“ მომხმარებლის ფართო ფენა ჰყავს, რომელთათვისაც მიკრობანკი მათთვის სანდო პარტნიორად რჩება.
მიკრობანკი მომხმარებელს უკვე სთავაზობს ანგარიშის და დეპოზიტის გახსნას, ასევე, საინვესტიციო პროდუქტს. მომავალი წლიდან კი „კრისტალი“ ციფრული არხების დამატებას გეგმავს.
„პორტფელი საკმაოდ სწრაფად იზრდება. ჩვენ ვადარებთ ხოლმე, როგორ იზრდებოდა ჩვენი კონკურენტების პორტფელი მათი საბანკო ლიცენზირების მერე და ამაზე უფრო სწრაფად ვიზრდებით, რაც გასაგებია. იმიტომ, რომ „კრისტალი“ არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი ფინანსურ სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქტივების ძალიან მცირე მოცულობა გვაქვს დიდ ბანკებთან შედარებით, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი, რომელიც წარსულშიც ჩვენი მომხმარებელი იყო.
ძალიან გვიხარია, რომ „კრისტალი“ თავისი მომსახურების სტანდარტებით და იმ შინაარსით, რომელსაც ამ მომსახურებაში დებს, რჩება სანდო და სასურველ პარტნიორად.
ჩვენი ძველი მომხმარებლები ბრუნდებიან და სარგებლობენ. შეიძლება, მათ არ სჭირდებოდეთ სესხი, მაგრამ გახსნან ანგარიში, დეპოზიტი. გვაქვს ასევე საინვესტიციო პროდუქტი. ჯერჯერობით, არ არის ისე განვითარებული, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მომავალ წელს ეს აუცილებლად იქნება. იქნება, ციფრული არხები, ინტერნეტბანკი და სხვა საშუალებები, რომ გაამარტივოს ურთიერთობა ბანკთან“ - ამბობს არჩილ ბაკურაძე.
ამ ეტაპზე ბაზარზე ორი მიკრობანკი ოპერირებს - “კრისტალი” და MBC. მიკრობანკებს უფლება აქვთ ერთ მსესხებელზე მილიონი ლარის ფარგლებში სესხი გასცენ.




























