მიკრსაფინანსო ორგანიზაცია MBC საქართველოს ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადს მიმდინარე თვეში შეიტანს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარემ და MBC-ის რისკების დირექტორმა ნინო დევდარიანმა განაცხადა.
„დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ MBC, უახლოეს მომავალში, ნოემბერში გეგმავს სებ-ში სალიცენზიო განაცხადი შეიტანოს“, - თქვა მან.
"მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარის ინფორმაციითვე, 2024 წლის ბოლომდე მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად მარეგულირებელს „კრისტალი“ და „ლაზიკა კაპიტალიც“ მიმართავს.
ნინო დევდარიანის შეფასებით, მიკრობანკის ლიცენზია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არსებული კლიენტების შენარჩუნებასა და განვითარებაში დაეხმარებათ. ამასთან, მისო-ებისგან განსხვავებით, მიკრობანკებს დეპოზიტების მოზიდვის შესაძლებლობაც ექნებათ.
- როგორ გაუწევენ მიკრობანკები ბანკებს კონკურენციას?
- იმ სეგმენტშიც, სადაც ახლა ვოპერირებთ, აქტიურ კონკურენციაში ვართ ბანკებთან, რადგან ერთი დიდი მინდორია, სადაც ბანკები ყველა სეგმენტზე არიან წარმოდგენილნი - იქნება ეს მაღალი, საშუალო თუ მათი ძირითადი სეგმენტი. ამდენად, მიკრობანკობას განვიხილავ, როგორც დამატებით შესაძლებლობას იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ისედაც ოპერირებენ ამ ბაზარზე, რომ შეინარჩუნონ თავიანთი კლიენტები და მათ შესთავაზონ ყველა ის საფინანსო სერვისი, რასაც საბანკო სექტორი სთავაზობს, მაგრამ გარკვეული ლიმიტებით. შესაძლოა, მიკრობანკებმა დამატებითი სეგმენტიც მოიპოვონ, მაგრამ მათი წილი არსებულ კლიენტებში ალბათ მნიშვნელოვანი არ იქნება.