მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიკროგრინი" – მიკროიდეიდან მომავლის ბიზნესისკენ

5df4b1d4191b9
BM.GE
14.12.19 14:10
2106
თუ სუპერმარკეტში კოხტად შეფუთულ, მიწაზე ამოზრდილ პაწაწინა მცენარეებს მოკრავთ თვალს, არ გეგონოთ, რომ ისინი უბრალოდ დეკორატიული ყვავილებია. ეს არის ბოსტნეულის მიკრო ვერსია, ორგანულად სუფთა, არომატული, მდიდარი სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. ქართულ ბაზარზე ეს ინოვაციური პროდუქტი 2017 წელს, „მიკროგრინის“ სახელწოდებით გამოჩნდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, მარიტა გენებაშვილმა და ლევან შათირიშვილმა, ეს საუცხოო ბოსტნეული პირველად ევროპაში გასინჯეს, ძალიან მოეწონათ და მისი მოყვანა სახლის პირობებში გადაწყვიტეს, შემდეგ კი თქვეს – რატომაც არა! მოდი სხვასაც გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გაჩნდა ბიზნეს-იდეა “მიკროგრინი”.

„რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ ჩვენი გატაცება უფრო მასშტაბურად განგვეხორციელებინა, მაშინ გაგვიჩნდა ვერტიკალური ფერმის იდეა. ძალიან მოგვინდა, რომ ეს ინოვაციური მეთოდი, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებში აქტიურად იყენებენ საქართველოშიც დაგვენერგა და შედეგად მივიღეთ ბრენდი „მიკროგრინი!“, - აცხადებს bmg-სთან საუბარში მარიტა გენებაშვილი.

მიკრო მწვანილები მამა-პაპურ მწვანილთან შედარებით, გაცილებით მეტ ვიტამინს შეიცავს და პროდუქტის მოყვანას 14-იდან 18 დღემდე სჭირდება. ამ ეტაპზე, „მიკროგრინს“ დღეში დაახლოებით 8-10 კგ ბოსტნეული მოჰყავს.

„თეორიულად, ამ ფორმით, თითქმის ყველანაირი ბოსტნეულის მოყვანაა შესაძლებელი, თუმცა მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, არსებობს რამდენიმე ჯიში, რომლის მიკროვერსიაც განსაკუთრებით წარმატებულია. ახლა ჩვენს სათბურში ათამდე ასეთი ჯიში ხარობს. ყველა მათგანი - წითელი კომბოსტო, ბროკოლი, ბოლოკი, მდოგვი, რუკოლა, წიწმატი თუ სალათების მიქსი - განსხვავებული გემოთი და სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა“, - ამბობს მარიტა.

„მიკროგრინს“ დღეს ერთი ვერტიკალური სათბური ემსახურება, რომელშიც განხორციელებულმა ინვესტიციამ 80 ათასი ლარი შეადგინა. ერთი კილოგრამი ბოსტნეულის საბაზრო ღირებულება კი დაახლოებით 100 ლარს შეადგენს. სათბურში ჯერ-ჯერობით, 10 ადამიანია დასაქმებული. გარდა საცალო ვაჭრობისა, კომპანია რამდენიმე რესტორანსა და სასტუმროსაც ემსახურება.

კომპანიის მენეჯმენტმა დაახლოებით ექვსი თვის წინ შეცვალა მთლიანად მიდგომა თანამშრომელთა ანაზღაურების, და არა მარტო ანაზღაურების მიმართულებით. თანამშრომელთა ხელფასი სათბურში მიბმულია გაყიდვებზე. სწორედ ამ მიდგომის დამსახურებით, „მიკროგრინი“ „თიბისის ბიზნესდაჯილდოების“ ნომინაციაში „თანამშრომლებზე ზრუნვისთვის“, საუკეთესო სამეულშიც მოხვდა.

“აბა ვინ იფიქრებდა თუ წელსაც ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტებში მოვხვდებოდით. თავისუფალი გრაფიკით მუშაობა და ყველა თანამშრომლის ანაზღაურების კომპანიის გაყიდვებზე პროპორციულად მიბმა რევოლუციურ გარღვევად არასდროს მიგვაჩნდა, თუმცა მარტივი რაღაცეები ხშირად ყველაზე უფრო შედეგიანია ხოლმე“, - განაცხადა მარიტა გენებაშვილმა - „ვფიქრობ, რომ „თიბისის ბიზნესდაჯილდოება“ ყველას ბიზნეს საქმიანობის დამფასებელი და მათი განვითარების მთავარი მოტივატორია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები