მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიკროგრინის" ახალი სტრატეგია - რესტორნებიდან საცალო მომხმარებლამდე

5e9c3033e88d1
ანი ციხისთავი
19.04.20 20:00
1487
“მომავალი თვიდან ვგეგმავთ, რომ საცალო მომხმარებლამდე მივიტანოთ ჩვენი პროდუქცია და დავანახვოთ საზოგადოებას, რომ “მიკროგრინი” არ აწარმოებს მხოლოდ სასტუმროებისა და რესტორნებისთვის, არამედ ის პირადი მოხმარებისთვისაც ძალიან სასარგებლოა”,- ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში მიკრომწვანილების მწარმოებელი კომპანია “მიკროგრინის” დამფუძნებელმა მარიტა გენებაშვილმა ისაუბრა.

გენებაშვილის თქმით, კომპანიამ “თიბისის” დაჯილდოებაზე გაიმარჯვა, სადაც პრიზად სწორედ 2020-ისთვის სტრატეგიის შემუშავება მიიღო.

“მაშინ ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ გავძლიერებულიყავით საცალო სეგმენტში. სტრატეგია ჩავიბარეთ და უკვე, ალბათ, მომდევნო თვიდან განსხვავებული პოზიციონირებით დავიწყებთ ბაზარზე შესვლას. იმედი გვაქვს, რომ იმაზე ადრე შევალთ ბაზარზე, ვიდრე რესტორნები და სასტუმროები გაიხსნება”,- აცხადებს მარიტა გენებაშვილი.

“მიკროგრინის” დამფუძნებელმა #ქალებისნარატივში პანდემიის შედეგებზეც ისაუბრა.

“როდესაც დაიხურა სასტუმროები და რესტორნები, ფაქტობრივად, ჩვენი მომხმარებლების 90% გამოეთიშა ბაზარს 1 დღეში”,- აღნიშნავს გენებაშვილი.

მისივე თქმით, კომპანია ექსპორტს გეგმავდა აზერბაიჯანსა და თურქეთში, თუმცა საცდელი პარტიების გაგზავნის შემდეგ საზღვრები ჩაიკეტა. “მიკროგრინში” სათბურის გაჩერება მოუწიათ, იმ დროისთვის დარჩენილი 2 კვირის მოსავალი კი მიტანის სერვისებს უსასყიდლოდ გადასცეს.

“დასაქმებულებმა მარტის ხელფასი სრულად მიიღეს, თუმცა აპრილში მათი უხელფასო ან ნაწილობრივ უხელფასო შვებულებაში გაშვება გვიწევს. ჩვენ არ ვართ იმდენად დიდი კომპანია, რომ შევძლოთ გაჩერებული წარმოების პირობებში თანამშრომლებს სრული ხელფასი გადავუხადოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ხელფასი პირდაპირ წარმოებაზეა მიბმული”,- აცხადებს “მიკროგრინის” დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები