საქართველოს მთავრობამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა განაახლა. "აწარმოე საქართველოში"-ს ნაცვლად პროგრამის მართვას მთავრობის მიერ წელს შექმნილი "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" გადაიბარებს. იცვლება დაფინანსების პირობები, იზრდება სესხების მოცულობა და პროგრამას ახალი – განვითარების სესხის კომპონენტი ემატება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 20 ივლისს გამოცემული 338-ე დადგენილებიდან ირკვევა.
აქამდე მოქმედი პროგრამით მიკრომეწარმეებს 20 000-დან 50 000 ლარამდე სესხის მიღება შეეძლოთ. განახლებული წესით, მიკროსესხის მაქსიმალური მოცულობა 70 000 ლარამდე იზრდება. ამასთან, პროგრამა ითვალისწინებს დამატებით „განვითარების სესხს“, რომლის მოცულობა 70 000-დან 150 000 ლარამდე განისაზღვრება.
განვითარების სესხით სარგებლობა მხოლოდ იმ ბენეფიციარებს შეეძლებათ, რომლებმაც უკვე მიიღეს და მიზნობრივად გამოიყენეს პროგრამის ფარგლებში გაცემული მიკროსესხი, არ აქვთ საგადასახადო დავალიანება და აკმაყოფილებენ საქართველოს განვითარების კორპორაციის მიერ დადგენილ დამატებით კრიტერიუმებს. პროგრამის ფარგლებში განვითარების სესხის მიღება მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი.
განახლებულია საპროცენტო თანადაფინანსების მოდელიც. წინა პროგრამით სრული საპროცენტო სუბსიდია მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის ბენეფიციარებზე ვრცელდებოდა, მათ შორის ქალ მეწარმეებზე, მაღალმთიან რეგიონებში მოქმედ ბიზნესებზე, „მზის კარის“ პროექტის მონაწილეებსა და გარკვეული კრიტერიუმების მქონე მეწარმეებზე. დანარჩენ შემთხვევებში პროგრამა ითვალისწინებდა ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს, რომლის მაქსიმალური ოდენობა 8.5% იყო.
ახალი რედაქციით, პროგრამის ფარგლებში გაცემულ მიკროსესხებზე საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია პირველი ტრანშის გაცემიდან 5 წლის განმავლობაში სრულად დააფინანსებს საპროცენტო განაკვეთს. ამასთან, პროგრამიდან ამოღებულია 8.5%-იანი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მექანიზმი, ხოლო მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს მომავალში თავად კორპორაცია განსაზღვრავს.
პროგრამის ძირითადი მოთხოვნების ნაწილი უცვლელი რჩება. პროგრამაში მონაწილეობა კვლავ შეუძლიათ იმ მეწარმე სუბიექტებს, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება, ხოლო დამფუძნებელი ფიზიკური პირის შემოსავალი – 100 000 ლარს. ასევე შენარჩუნებულია მოთხოვნა, რომ ბენეფიციარს არ ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება და არ იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. სახელმწიფო გარანტიის მაქსიმალური მოცულობა კვლავ სესხის ძირი თანხის 80%-ია, ხოლო ბანკებს ეკრძალებათ სესხის გაცემის, მომსახურების, აუთვისებელი ტრანშისა და ვადამდე დაფარვის საკომისიოს დაკისრება.




























