მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკრომეწარმეობის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებია - რა პირობებით გაიეცემა სესხები?

ბიზნესი

ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას აფართოებს. უწყების ცნობით, პროგრამაში შესული ცვლილებების შედეგად, დაფინანსების პირობები გაუმჯობესდა და სამიზნე საქმიანობების ჩამონათვალიც გაიზარდა.

რა იცვლება მეწარმეებისთვის:

  • 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკრო სესხი - აღნიშნული ლიმიტით სარგებლობა ამიერიდან ყველა მეწარმეს შეეძლება (აქამდე მაქსიმალური ზღვარი 50 000 ლარი იყო). სესხზე მოქმედებს სახელმწიფოს 80%-იანი გარანტია.
  • განმეორებითი მონაწილეობა და განვითარების სესხი - პროგრამა ერთჯერადი მხარდაჭერით აღარ შემოიფარგლება. წარმატებული ბენეფიციარებისთვის დაემატა 70 000-დან 150 000 ლარამდე განვითარების სესხი შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთითა და 80%-იანი სახელმწიფო გარანტიით.
  • საქმიანობების გაფართოებული ჩამონათვალი - გაიზარდა იმ ეკონომიკური სექტორების სია, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ.

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, 2024 წელს ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია 1,837 სესხი, ხოლო დამტკიცებული დაფინანსების ჯამური მოცულობა 83 მლნ ლარს შეადგენს.

„ბიზნესის ასეთმა დაინტერესებამ და ბენეფიციარების მხრიდან ნაჩვენებმა წარმატებულმა შედეგებმა ნათლად დაგვანახა პროგრამის გაფართოების საჭიროება... იმედი გვაქვს, პროგრამა მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მიკრომეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყანაში სამეწარმეო პოტენციალის ზრდას“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ კორპორაციის ბიზნეს სივრცეებს თბილისსა და რეგიონებში, ან დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომერზე: 15 25.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები