მიკროსაფინანსო ბაზარზე დარჩენილი 29 ორგანიზაცია საკმაოდ სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდას. ზრდის ტემპი 20-25%-ით დაჩქარდა, რაც გაორმაგებულია წინა წლებთან მიმართებით - ამის შესახებ BMG-სთან “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი საუბრობს.
მისი თქმით, მიკროსაფინანსო სექტორში აქტივების ხარისხი საკმაოდ მაღალი და გაუმჯობესების ტენდენციებით ხასიათდება. გაუმჯობესდა მოგებიანობის პარამეტრები, ხოლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. ჯამში, ნინო დევდარიანის შეფასებით, 2025 წელს სექტორი 30%-ით გაიზარდა.
“2025 წელი წარმატებული იყო სექტორისთვის და საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ერთი მხრივ, ზრდის ტემპი საკმაოდ დაჩქარებული იყო წინა წლებთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ჩვენ ვიხილეთ ორი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიკრობანკებად დაფუძნება და მათი ბაზრიდან გასვლა. მიუხედავად ამისა, დარჩენილი 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საკმაოდ სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდას.
წელს მაჩვენებლებში გამორჩეული წელი იყო - მოგებიანობის პარამეტრები გაუმჯობესდა, სესხების განაკვეთები კი მნიშვნელოვნად შემცირდა. ვფიქრობთ, 2026 წელს აღნიშნული ტენდენციები გაგრძელდება” - ამბობს ნინო დევდარიანი BMG-სთან.
მისივე თქმით, სექტორში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, უფრო აქტიურად შევიდნენ ბიზნეს-დაკრედიტების სეგმენტში. ნინო დევდარიანი განმარტავს, რომ დაკრედიტების ზედა ზღვრის 200 000 ლარამდე გაზრდა სექტორისთვის ახალ ჰორიზონტებს ხსნის.
“100 000 ლარის ნაცვლად, ახლა 200 000 ლარამდე სესხის გაცემის შესაძლებლობა აქვს სექტორს. ეს კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციებს, რომ უფრო მსხვილი ბიზნეს დაკრედიტების პროდუქტები შეიმუშაონ და განახორციელონ,“ - აღნიშნავს ასოციაციის თავმჯდომარე.
კითხვაზე, თუ ვინ რჩება მიკროსაფინანსოების მომხმარებლად მას შემდეგ, რაც მსხვილმა კომპანიებმა (როგორიცაა „კრისტალი“ და "ემბისი") მიკრობანკებად ტრანსფორმაცია არჩიეს, დევდარიანი ამბობს, რომ სექტორის როლი მცირე მეწარმეებისთვის კვლავ კრიტიკულია:
„მომხმარებელი საკმაოდ მრავალფეროვანია. მიკროსაფინანსო სექტორის მნიშვნელოვანი მომხმარებლები არიან მცირე და ინდივიდუალური მეწარმეები, ფერმერული მიკრო ბიზნესი, რომლის განვითარებაც ზოგადად, ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია მიკრობანკების სექტორში გადავიდა, დღეს არსებულ 29 ორგანიზაციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რომ კიდევ უფრო მეტად განავითარონ მცირე ბიზნესის დაკრედიტება. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ აითვისონ ახალი სეგმენტები.“ - ამბობს ნინო დევდარიანი.
რაც შეეხება სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესაძლო ტრანსფორმაციას მიკრობანკებად, ასოციაციის ხელმძღვანელი უახლოეს პერიოდში დიდ ცვლილებებს არ ელის:
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიკრობანკებს აქვთ 10-ჯერ უფრო მაღალი მოთხოვნა კაპიტალზე, ვიდრე მიკროსაფინანსოებს. ასევე, მათი პორტფელის 70%-ზე მეტი ბიზნეს დაკრედიტებაზე უნდა მოდიოდეს. დღეს სულ რამდენიმე ორგანიზაციაა, ვინც ამ სტანდარტს აკმაყოფილებს, თუმცა მათ სურვილი ცხადად, ჯერ არ გამოუხატავთ. შესაბამისად, 2026 წლის პირველ ნახევარში ტრანსფორმირებას არ ველოდებით. თუმცა, არსებული მიკრობანკების წარმატება შესაძლოა მოტივაცია გახდეს სხვებისთვისაც.“
ცნობისთვის, წინა წელთან შედარებით შეცვლილია მისო-ების ბაზრის შემადგენლობა. ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - "კრისტალი" და "ემბისი", რომლებიც მცირე მეწარმეების დაფინანსებაზე იყვნენ ფოკუსირებული 2025 წლიდან მიკრობანკის სტატუსით საქმიანობენ, ხოლო მისო-ების ბაზარზე უმეტესწილად, სალომბარდე საქმიანობით დაკავებული ოპერატორები დარჩნენ.
ამ სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელი გასულ წელს არსებული 2 მილიარდი ლარიდან 2025 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, 1.77 მილიარდ ლარამდე შემცირდა, რაც სწორედ ორი მისოს მიკრობანკად გარდაქმნას უკავშირდება.




























