საქართველოს საფინანსო სექტორს შესაძლოა, ახალი ბანკი შეემატოს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ საბანკო ინსტიტუტად გარდაქმნა სურს.
როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ „კრედოში“ განუცხადეს, ეს ახლა მხოლოდ გეგმაა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ჯერჯერობით არ აცხადებენ, ეროვნული ბანკს შესაბამისი პროცედურების დასაწყებად როდის მიმართავენ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამგეობის თავმჯდომარე ბესო შენგელია კი აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში, შესაძლოა, სხვა მიკროსაფინანსოებსაც გაუჩნდეთ იგივე სურვილი.
„პრეცედენტები უკვე არსებობს. მაგალითად, ფინკა ბანკი, რომელიც მანამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, ბანკად გადაკეთდა. რამდენადაც ვიცით, კრედოს ტრანსფორმაციის პროცესი დაწყებული აქვს. თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე შეუძლია, მოთხოვნები დააკმაყოფილოს. არ გამოვრიცხავ, რომ ბევრ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ამ ეტაპზე თუ არა, საკმაოდ ახლო მომავალში გაუჩნდეს იგივე ამბიცია, რომ ბანკად გადაკეთდეს. ამ შემთხვევაში მოიხსნება ის წუხილი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დეპოზიტებთან დაკავშირებით აქვს“, - განაცხადა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას ბესო შენგელიამ.

























