მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაცია: სებ-ის ახალ რეგულაციებში საჭიროზე მაღალი მოთხოვნებია ჩადებული

5922a1405aa1e
სალომე მეცხვარიშვილი
22.05.17 12:30
1874
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციების მიმართ პრეტენზიები აქვთ.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ შენგელია "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ რეგულაციებში, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად, საჭიროზე მაღალი მოთხოვნებია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის.

ბესიკ შენგელიას რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. მისი თქმით, გადაჭარბებულია მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ფიზიკური პირების თამასუქის განთავსებისას, მომხმარებლები უნდა გააფრთხილონ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო მაღალრისკიანი სეგმენტია, რამდენადაც ნაკლებად რეგულირდებიან ეროვნული ბანკის მხრიდან.

"ეროვნული ბანკის აზრით, უნდა არსებობდეს სპეციალური ტექსტი, რომელიც აფრთხილებს მომხმარებელს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ რეგულირდებიან ისე მკაცრად როგორიც ბანკები და აქედან გამომდინარე შეიცავენ უფრო მაღალ რისკებს. ეს გაჟღერების ტექსტი მოითხოვება როგორც ხელშეკრულებაზე, ისევე ნებისმიერ სარეკლამო ბროშურაზე, ასევე საუბარია შემოსავალ-გასავლის ორდერზეც. მიგვაჩნია, რომ ეს გადაჭარბებულია. ჩვენ ხომ არ ვართ თამბაქოს მწარმოებელი კომპანია, რომ ყველგან ჩავწეროთ: "მოწევა კლავს". თან არის ბევრი მიკიროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც საერთოდ არ იზიდავს სახსრებს ფიზიკური პირებისგან. მათ არ უნდა ჰქონდეთ ეს ვალდებულება. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ თუ მაინცდამაინც აუცილებელია, რომ მსგავსი ტექსტი იყოს გაჟღერებული, იყოს იმ ორგანიზაციებისთვის, ვისთვისაც ეს რელევანტურია',- აცხადებს ბესიკ შენგელია.

მისივე თქმით, ამასთან ერთად, შემოღებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლის ძალიან რთული ფორმულა, რომელიც ინტეგრირებული უნდა იყოს კომპიუტერულ პროგრამასთან.

"ამასთან, საკმაოდ გართულებულია წინმსწრებით დაფარვის საკომისიო, დიფერენცირებულია და განსაზღვრულია იმის მიხედვით რამდენი ხნით ადრე ხდება დაფარვა. ესეც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, დარწმუნებული ვარ ბევრს წარმოექმნება პრობლემა. ეს თავისთავად გამოიწვევს მსესხებლების გაღიზიანებსაც, რადგან დარწმუნებული ვარ, იქნება შეცდომები დაანგარიშებისას. ჩვენ მაგალითად გაგვირთულდა, მიუხედევად იმისა, რომ რამდენიმე წელია ბაზარზე ვოპერირებთ",- აცხადებს ბესიკ შენგელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები