მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიკროსაფინანსო სექტორში მთავარ პრობლემად მოზიდული სახსრების მაღალი ღირებულება რჩება - ნინო დევდარიანი

მისო

მიკროსაფინანსო სექტორში მთავარ პრობლემად კვლავ მოზიდული სახსრების მაღალი ღირებულება და საოპერაციო ეფექტურობა რჩება - ამის შესახებ BMG-სთან “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი საუბრობს.

„გამოწვევების კუთხით, ერთ-ერთი მთავარია მოზიდული სახსრების ფასი, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. სამწუხაროდ, ბოლო წლებში რესურსის მნიშვნელოვანი გაიაფების ტენდენცია არ გვინახავს. ვიტოვებ იმედს, რომ შემდეგ წლებში ეს ტენდენცია შეიცვლება, რაც სექტორს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო გააიაფოს საკუთარი პროდუქტები. ასევე, მნიშვნელოვანია ეფექტურობის გაზრდა - საოპერაციო დანახარჯები ერთეულ პორტფელზე კლებადია, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულზეა,“ - ამბობს დევდარიანი.

მისივე თქმით, მაკროეკონომიკურ პირობებზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოზიდული სახსრების ფასები და როგორ იმოქმედებს განაკვეთებზე.

“თუმცა, აქაც უნდა ვთქვათ, რომ წელს გვქონდა საკმაოდ კარგი პრეცედენტები - „რიკომ“ და „ემბისიმ“ ობლიგაციების საკმაოდ დიდი ემისია გააკეთეს და კაპიტალის ბაზარზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს იძლევა გარკვეულწილად იმის ოპტიმიზმს, რომ როგორც კი იმ სახსრების თვითღირებულება გაიაფდება, რომელსაც სექტორი იყენებს, შემდეგ, სექტორს უფრო იაფი რესურსის შეთავაზების შესაძლებლობა ექნება. ეს პერსპექტივა ჯერჯერობით, არ არის დაკავშირებული ბიზნესთან, იმიტომ, რომ ბიზნეს დაკრედიტება, რასაც ჩვენ ვახსენებთ, ასე ვთქვათ, ბიზნეს იარაღია. ბიზნესს აქვს ზოგადად, საფასო ნაწილი უფრო დაბალფასიანი, ვიდრე სალომბარდე სესხები. სალომბარდე სესხების ბუნება არის სწრაფი, მარტივი, მაგრამ არა იაფი. შესაბამისად, იაფი რესურსის მოზიდვა იმის ძალიან დიდი სტიმულია, რომ გაიზარდოს ამ სექტორის განვითარება” - ამბობს ნინო დევდარიანი BMG-სთან.

2025 წელს მიკროსაფინანსო სექტორის ზრდის ტემპი დაჩქარდა. “კრისტალისა” და “ემბისის” მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ, ბაზარზე გამოთავსუფლებული ნიშის ათვისებას, მიკროსაფინანსო სეგმენტში დარჩენილი სხვა ორგანიზაციები ცდილობენ, რომლებიც ძირითადად, ოქროს სალომბარდე და ავტოსხების მიმართულებით მუშაობდნენ. ახლა კი, პორტფელის დივერსიფიკაცია და ბიზნეს სესხების მიმართულებით გააქტიურება დაიწყეს. დღესთვის, ბაზარზე 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა წარმოდგენილი. ორი ორგანიზაციის მიკრობანკად გარდაქმნის ეფექტის გამოკლებით, წლის დასაწყისიდან სექტორი დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები