მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიკროსაფინანსოები იგივე წნეხის ქვეშ არ უნდა იყვნენ, როგორც კომერციული ბანკები"

5cc18fee46ba2
ლიკა გურაბანიძე
25.04.19 14:45
1029
კომერციული ბანკების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. რა ძირითადი საკითხები განიხილეს მხარეებმა, ამის შესახებ bm.ge-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალის" აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ შენგელია ესაუბრა.

როგორც შენგელიამ აღნიშნა, პირველი იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების შემდეგ მიკროსაფინანსო სექტორისთვის რამდენიმე აქტუალური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის, ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ბანკების არათანაბარი კონკურენტული გარემო და რეგულაციებით გათვალისწინებული შეზღუდვა თავდებ პირებზე და სოლიდარულ მოვალეებზე.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იგივე წნეხის ქვეშ არ უნდა იყვნენ, როგორც კომერციული ბანკები, ეს არათანაბარ კონკურენტულ პირობებში გვაყენებს. იგივე საკითხამდე მივდივართ, რაც ეროვნული ბანკის მიერ მრავალჯერ გაჟღერდა, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფინანსური რისკი საფინანსო სექტორისათვის. ეს არის ორი მსხვილი ბანკის დიდი კონცეტრაცია ბაზარზე. ფაქტობრივად, ჩვენ არაკონკურენტულ პირობებეში ჩავდექით.

უკვე არის იმის რისკები და აშკარა ნიშნები, რომ ჩვენთვის საშუალო ზომის თანხები, რაც 15-20 ათასი ლარია, უკვე აქტიურად მიაქვთ კომერციულ ბანკებს, იმიტომ რომ რესურსის ღირებულება ბევრად უფრო იაფი აქვთ. უნდა მოინახოს ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც კომპანიებს წვდომა ექნებათ შედარებით იაფფასიანი ლარის რესურსზე, რაც კონკურენტულ პირობებეს დააბალანსებს", - განაცხადა შენგელიამ.

რაც შეეხება თავდები პირების საკითხს, შენგელიას აზრით, ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის კვლავ პრობლემად რჩება.

"ახალი რეგულაციების მიერ გათვალისწინებული შეზღუდვა თავდებებზე და სოლიდარულ მოვალეებზე, ეს თავიდანვე დავის საგანი იყო. ახალი რეგულაციების მიხედვით, იგივე ფინანსური ანალიზი და იგივე სესხის მომსახურების კოეფიციენტი თავდებობის შემთხვევაშიც მოეთხოვება, რაც თავდებობის ინსტიტუტს მნიშნელოვნად ზღუდავს. ეს საკმაოდ ქმედითი ბერკეტი იყო, რათა ურჩი, ან არაკეთილსინდისიერი გადამხდელის შემთხვევაში თანხები ეფექტურად ამოგვეღო. ეს ეროვნული ბანკის კომპეტენცია არ არის, თუმცა დახმარება ვთხოვეთ, რადგან ზოგადი ფონი კატასტროფულია.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეობებს თითქმის არ ასრულებს და ასეთ საქმეებს სასამართლო წარმოებაში თავს არიდებს. რისკიანობა საკმაოდ გაზრდილია", - განმარტა ბესიკ შენგელიამ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ბაზარზე ზოგადად შექმნილი რისკიანობის გამო დიდია იმის შანსი, რომ საკრედიტო ბაზარზე ნეგატიური ტენდენციები განვითარდეს, რაც საერთო ჯამში, ქვეყნის რეიტინგზე აისახება. შენგელია არ გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან კონკრეტული საკითხების გადახედვა მოხდეს.

"ვიმსჯელეთ საკითხებზე, თუმცა შერბილდება თუ არა საბანკო რეგულაციები, ვერ გეტყვით. განწყობა არის ისეთი, რომ ცალკეული აქტუალური საკითხები შესაძლოა გადაიხედოს, რაც მხოლოდ მიკროსაფინანსოების პრობლემა არ არის.

ბაზარზე ზოგს კლება აქვს, ზოგი ინარჩუნებს პორტფელს, ზოგი მცირე დოზით იზრდება. ახალი კრიტერიუმების გამო მიწოდება ბევრად შეზღუდულია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა არის შემცირებული, უბრალოდ ჩვენ ახალი კრიტერიუმების მიხედვით სესხებს აქტიურად ვეღარ გავცემთ. მთავარი არის ის, რომ რისკიანობა არის გაზრდილი, რაც პირველ კვარტალში ბევრი ორგანიზაციისთვის ზარალით აისახა", - აღნიშნა შენგელიამ.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მათი რაოდენობა 61–ია, რაც გასული წლის მარტთან შედარებით 12–ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები