ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროენერგიის სადგურებისთვის ანაზღაურების სქემა იცვლება. შესაბამისი ცვლილებები "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შედის. "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მიერ მომზადებული კანონპროექტით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების არსებული შეღავათი უქმდება. პროექტის მიღების შემდეგ, სემეკი დაადგენს ელექტროსადგურის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობებს.
კერძოდ, კანონპროექტი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:
- უქმდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების ანაზღაურებისგან გათავისუფლების შეღავათი და იგი ნაცვლდება კომისიის უფლებამოსილებით, დაადგინოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობები.
- ასევე 2027 წლის იანვრამდე მიერთებულ ელექტროსადგურის საბოლოო მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, 2033 წლის იანვრამდე ისარგებლოს მიერთების მომენტისათვის მოქმედი პირობებით, რაც მოიცავს წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვასა და შედეგად ოპერირების მომსახურებებისგან გათავისუფლებას.
- კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე მიაღწევს კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას. ასეთ შემთხვევაში, 2027 წლის იანვრამდე შესაძლებელი იქნება 100 კილოვატამდე მიკროსიმძლავრის მიერთება იმ პირობით, რომ ნაცვლად წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვისა, მომხმარებელი ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე მიიღებს კომისიის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე აანაზღაურებს როგორც მიწოდების, აგრეთვე, სასისტემო მომსახურებების საფასურს, კომისიის მიერ დადგენილი წესით.
ეს ნიშნავს, რომ ნეტო აღრიცხვის სისტემაში უკვე ჩართული მიკროსიმძლავრეებისთვის არსებული პირობები 2033 წლამდე იგივე დარჩება, ხოლო 2027 წლიდან ახალი მიკროსადგურებისთვისთვის ნეტო დარიცხვის სისტემა იმოქმედებს. თუ ნეტო აღრიცხვის სისტემაში წელიწადში ერთხელ ხდება გაქვითვა და ანგარიშსწორება, ნეტო დარიცხვის შემთხვევაში, ეს ყოველთვიურად იქნება. მომხმარებელი მის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, ხოლო ენერგია, რომელიც მისი ობიექტის მიერ იქნება გამომუშავებული და ქსელში გაშვებული, კომპანიები ყოველთვიურად აუნაზღაურებენ შესაბამის თანხით.
განმარტებით ბარათში წერია, რომ თებერვლის მდგომარეობით გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულია სულ 1805 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური (სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში - 465, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ – 1340).
არსებულ მომხმარებლებზე, ასევე სხვა მომხმარებლებზე, რომლებიც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მოქმედ სქემაში ჩაერთვებიან 2027 წლის 1 იანვრამდე, კანონპროექტს გავლენა ექნება მხოლოდ 2033 წლის 1 იანვრიდან, როცა მათ დაერიცხებათ სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურები.
ეს საფასური დღეის მდგომარეობით გადაცემისთვის არის 3.298 თეთრი, ხოლო განაწილებისთვის 2.303-დან 7.859 თეთრამდე.
"კანონპროექტის მიღების შედეგად ფინანსური შედეგები დგება ასევე იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებიც გამანაწილებელ ქსელზე მიაერთებენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს 2027 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ვინაიდან მოქმედი კანონისგან განსხვავებით, მათ უკვე მოუწევთ სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების ანაზღაურება ქსელიდან მიღებულ და გაქვითულ ელექტროენერგიაზე.
ცვლილების შედეგად შემცირდება სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების ტარიფები, ვინაიდან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლები ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდიან დადგენილ საფასურს. შესაბამისად, გაიზრდება სისტემის ოპერატორების მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელი მომხმარებლებისგან მისაღები შემოსავალი", - წერია განმარტებით ბარათში.