მიკროსიმძლავრის სადგურების განვითარება შენელდა - ასე აფასებს კომპანია SHINE ENERGY-ის დამფუძნებელი ნეტო დარიცხვის სისტემის ამოქმედებას.
საქმე ისაა, რომ 1 ოქტომბრიდან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია ნეტო აღრიცხვის სისტემის ნაცვლად ნეტო დარიცხვის რეგულაციის ფარგლებში ხორციელდება. ახალი მოდელის ფარგლებში კი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატ საათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, მიწოდებულ თითოეულ კილოვატზე მიიღებს შესაბამის საფასურს.
როგორც ნინო გადელიამ “საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, ამ დროისთვის ახალი მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობა შეჩერებულია, რადგან ნეტო დარიცხვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები დაბალია. ამასთან, მისი თქმით, ნეტო დარიცხვის სისტემის თანახმად, მომხმარებელი ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის კრედიტად შენახვას ვეღარ შეძლებს, რაც მსგავსი სადგურების მშენებლობას ნაკლებად საინტერესოს ხდის.
“ნეტო აღრიცხვამ ძალიან დიდი როლი ითამაშა მზის ელექტროსადგურების განვითარების კუთხით და ახლა უკვე გადავედით ნეტო დარიცხვაზე, რომელიც ძალაში შევიდა ოფიციალურად 1 ოქტომბრიდან და ამან, რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულად გამოიწვია კომერციული ელექტროსადგურების აშენების შეჩერება, ანუ შესაძლებლობა ფაქტობრივად დაკარგულია. ძირითადად უფრო ორიენტირი კეთდება მხოლოდ თბილისის არეალზე, ან თუკი რეგიონი არის, ორიენტირი კეთდება თვითმოხმარებაზე. ანუ თავის მხრივ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარებაც არის მკვეთრად შენელებული, ვიდრე იყო აქამდე.
ნეტო აღრიცხვა ნიშნავდა იმას, რომ ნებისმიერი კილოვატ საათი, რომელიც იმ მომენტში ობიექტს არ სჭირდებოდა და მყისიერად ვერ შეძლებდა მის გამოყენებას, ქსელში გადადინდებოდა და ფაქტობრივად ქსელი ასრულებდა ბატარეის როლს და დეფიციტის დროს, ეს შეიძლება იყოს ღამის საათები ან ზამთარი, როდესაც მზის რადიაცია უფრო ნაკლებია, ერთი ერთში იქვითებოდა. ეს არის ძალიან კარგი ტექნიკურადაც და ეკონომიკურადაც, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ამაში მომხმარებელი არანაირ დამატებით გადასახადს არ იხდიდა. ხოლო ნეტო დარიცხვის მოდელი უკვე ნიშნავს, რომ თუ ობიექტმა ვერ შეძლო მყისიერად ამ ელექტროენერგიის გამოყენება და ავტომატურად გადავიდა ქსელში, ეს ჭარბად გადადინებული ელექტროენერგია ითვლება გამანაწილებელი კომპანიის მიერ შესყიდულად.
დღეს შესყიდვის ტარიფი “ენერგო პროს” არეალში არის 5.44 თეთრი, ხოლო “თელასის” განაწილების არეალში არის 8.50 თეთრი, რაც არის მკვეთრად დაბალი, ვიდრე ზოგადად ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფია. შესაბამისად, არც ერთ მომხმარებელს, ეს იქნება ფიზიკური პირი თუ იურიდიული პირი, არ აქვს არანაირი მოტივაცია, რომ ჭარბი ელექტროენერგია გადაუშვას გამანაწილებელ კომპანიაში. თავის მხრივ, ეს პროცესი საინტერესო იქნება მხოლოდ ისეთი მოხმარების ობიექტისთვის, რომელსაც შეუძლია ელექტროენერგიის სტაბილურად და მყისიერად დახარჯვა”, - განაცხადა ნინო გადელიამ.
ნინი გადელიას შეფასებითვე, იმისთვის, რომ ნეტო დარიცხვის მოდელმა რეალურად იმუშაოს, საჭიროა, ქვეყანაში დამაგროვებელი ბატარეების მოწყობას შეეწყოს ხელი.
“მსოფლიოს მასშტაბით, სადაც დაიწყო ნეტო აღრიცხვით დარგის განვითარება, ყველა ქვეყანა გადავიდა ნეტო დარიცხვაზე და ამაში ახალი არაფერი არ იყო და ამის მოლოდინი ყველას გვქონდა. თუმცა ყველაზე მეტად ალბათ მოცემულობას გამოასწორებს ის, რომ ქვეყანაში დამაგროვებელი ბატარეების განვითარება მოხდეს. ამისთვის კი ბატარეების საინვესტიციო ღირებულება უნდა შემცირდეს. ძალიან საინტერესო იქნება, თუ მზის ელექტროსადგურებისთვის საფინანსო ინსტიტუტების მიერ მოხდება გარკვეული სუბსიდირებები, რომ იქნებ ამის წახალისებით მაინც მოხდეს ბატარეების განვითარება ქვეყანაში”, - აღნიშნა ნინო გადელიამ.




























