თბილისთან ახლოს, 15 წუთის სავალზე, "Tbilisi Hills Golf & Residences"-ის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ეს იქნება სრულყოფილი საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის ფართობიც 331 ჰექტარს შეადგენს. პროექტი 54 ბინისა და 8 „თაუნჰაუსის“ მშენებლობას ითვალისწინებს და მისი დასრულების შემდეგ, იქ ცხოვრების შესაძლებლობა 3 ათას ოჯახს ექნება. ყველს სახლი გათბობის, ვენტილაციის და სენსორული კონდიცირების სისტემით იქნება აღჭურვილი. გარდა ბინებისა, აქვე გაიყიდება 44 მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც (კვადრატული მეტრის) 125 დოლარი იქნება. ნაკვეთები უზრუნველყოფილი იქნება ყველა კომუნიკაციით, როგორიცაა სასმელი წყალი, უფასო სარწყავი წყალი, გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი. კომპლექსის მთელი ტერიტორია უსაფრთხოების სისტემებით და სათვალთვალო კამერებით აღიჭურვება.
კომპლექსის ტერიტორიაზე, 110 ჰექტარზე, განთავსებულია გოლფ-კომპლექსი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და მზად არის მსოფლიო დონის საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლოს. გოლფ კლუბისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინვესტორმა უკვე განახორციელა 33 მილიონი ევროს ინვესტიცია. პროექტის "Tbilisi Hills Golf & Residences" სრული ღირებულება კი 1 მილიარდი ევროა.
"ამ პროექტში უკვე დავხარჯეთ 30 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც 100%-ით ესტონური ინვესტიციაა, ჩვენ ქართველ თაობებს ვასწავლით გოლფის თამაშს. დღეს კი საფუძველი ჩაეყარა ახალი, ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რომელიც სრულიად ახალი კონცეფციით მოეწყობა. ეს იქნება ქალაქი სადაც 3 ათასი ოჯახი იცხოვრებს, აქ აშენდება სრულყოფილი ინფრასტრუქტურა: სკოლა, საცურაო აუზები, სპა, სპორტული დარბაზები, რამდენიმე რესტორანი, დიდი სასტუმრო, მაღაზიები და სხვა. პროექტში ჯამში 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩაიდება.
ეს იქნება ცხოვრების ახალი სტილი, რომელსაც ჩვენ საქართველოში დავამკვიდრებთ - საცხოვრებელი ეკოლოგიურ გარემოში, რომლის მშენებლობის დროსაც უახლეს ევროპულ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ. ჩვენი ვილების ფასები იმაზე დაბალი იქნება ვიდრე ეს თბილისშია, ასევე გავყიდით მიწის ნაკვეთებს, სადაც ყველა კომუნიკაციაა შეყვანილი. გარანტიას ვაძლევთ მყიდველს, რომ არ გაიყიდება პატარა მონაკვეთები, რადგან ჩვენი კონცეფციის თანახმად, ეს არ უნდა იყოს მჭიდრო დასახლება, სადაც მეზობლები ერთმენეთს შეაწუხებენ. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ადამიანმა იცხოვროს კომფორტულ გარემოში დედაქალაქთან ახლოს“ - განაცხადა პროექტის ინვესტორმა ოლეგ ოსსინოვსკიმ, რომელიც ,,AS Skinest Group--ის დამფუძნებელი და ,,Tbilisi Hills Golf & Residences“ -ის მთავარი ინვესტორია.