ავტორი: სალომე ზაალიშვილი

ლეონარდ ლაუდერი
კოსმეტიკური ბრენდის “Estée Lauder”-ის მემკვიდრის, ლეონარდ ლაუდერის, კოლექციიდან რამდენიმე ნამუშევრის აუქციონზე გაყიდვის უფლება Sotheby’s სააუქციონო სახლმა მოიპოვა.
ნამუშევრები გასაყიდად 92 წლის ცნობილი არტ კოლექციონერის გარდაცვალების შემდეგ გამოდის.

945 მედისონ ავენიუ, Sotheby’s-ის ახალი საერთაშორისო ოფისი
18 ნოემბერს დაგეგმილი საღამოს აუქციონი 24 ლოტისგან შედგება. მოიცავს გუსტავ კლიმტის, ჰენრი მატისის, ედუარდ მუნკის და აგნეს მარტინის, ჯამში, $400 მილიონის ნამუშევრებს. აუქციონი Sotheby’s-ის ახალ საერთაშორისო ოფისს გახსნის, რომელიც 945 მედისონ ავენიუზე, ყოფილი უიტნის მუზეუმის შენობაში დაიდებს ბინას.

ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი, Neue Gallerie, 2016 წელი
კოლექციის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი - გუსტავ კლიმტის 1914-1917 წლებში შესრულებული “ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი” (“Portrait of Elisabeth Lederer”) აუქციონზე ისტორიაში პირველად გამოდის. წინასწარი შეფასებით საბოლოო გასაყიდი ფასი $100-დან $200 მილიონ დოლარამდე უნდა იყოს.

"Dame mit Fächer”(მარჯვენა) გუსტავ კლიმტის ვენის სამხატვრო სტუდიაში, 1918 წელი
გუსტავ კლიმტის დღემდე აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევარია "Dame mit Fächer” (ქალბატონი მარაოთი). ნახატი Sotheby’s-ის აუქციონზე 2023 წელს, £85.3 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, რაც 108.4 მილიონ აშშ დოლარს უდრის.
Blumenwiese (1908), Waldhag bei Unterach am Attersee (1916)
კოლექციის ნაწილია კლიმტის კიდევ ორი პეიზაჟი, 1908 წელს შესრულებული Blumenwiese (აყვავილებული მდელო) და 1916 წელს შესრულებული Waldhag bei Unterach am Attersee, რომელიც ვარაუდით მხატვრის ბოლო პეიზაჟია. ორივე ნამუშევარზე გუსტავ კლიმტის საყვარელი დასასვენებელი ადგილი - ატერზეეს ტბაა გამოსახული. ორივე ლოტის ჯამური სავარაუდო ფასი 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.
“მიძინებული" ბაზრის ფონზე მოლოდინები დიდია, წლის ყველაზე ძვირიანი ნამუშევარია პიტ მონდრიანის "Composition with Large Red Plane, Bluish Gray, Yellow, Black and Blue” (1922), რომელიც $47.6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, 100 მილიონიანი ზღვარი კი წელს ჯერ არცერთ ნამუშევარს არ გაურღვევია.




























