Polaris Dawn მისიის ფარგლებში, SpaceX-მა კოსმოსური ხომალდი არაპროფესიონალი ასტრონავტებისგან დააკომპლექტა და კოსმოსში, ისტორიაში პირველად, მილიარდერთა 4-კაციანი ჯგუფი გაგზავნა. ხომალდი დედამიწიდან 10 სექტემბერს გაემგზავრა, ასობით კილომეტრით მაღლა კი ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენელი, მილიარდერი ჯარედ აიზეკმენი ღია კოსმოსში გავიდა.
SpaceX-ის ეს კონკრეტული მისია ხომალდის დედამიწიდან ბოლო 50 წლის განმავლობაში, Apollo-ს მისიის შემდეგ, ყველაზე შორს გაგზავნას ითვალისწინებს. რაკეტა Falcon 9-მ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ხომალდი Dragon Resilience აიტანა. 737 კილომეტრის მიღწევის შემდეგ კი ეკიპაჟის წევრებს ხომალდის დატოვების საშუალებაც მიეცათ.
კოსმოსში პირველი კომერციული გასეირნება, რომელიც 5 დღეს გასტანს, ილონ მასკის კომპანიამ აიზაკმენთან ერთად დააფინანსა. ეკიპაჟის ოთხივე წევრი კი SpaceX-ის ახალი სკაფანდრით იყო აღჭურვილი.
აღსანიშნავია, რომ კოსმოსში აიზეკმენის გასეირნება სატესტოა და, თითოეული "ასტრონავტის" მიერ ღია კოსმოსში რამდენიმე წუთის დაყოფას ითვალისწინებს. აიზეკმენმა ხომალდის გარეთ მხოლოდ 15 წუთი გაატარა.
მილიარდერი Polaris Dawn მისიაში განხორციელებულ ინვესტიციას არ აკონკრეტებს, თუმცა ვიცით, რომ Polaris-ის ფარგლებში SpaceX კიდევ ორ ფრენას შეასრულებს. კერძო ფრენა SpaceX-ის ხომალდმა პირველად 2021 წელს შეასრულა, როდესაც კომპანიამ კოსმოსში კონკურსის გამარჯვებულები და სიმსივნეს გადარჩენილი ადამიანი წაიყვანა.
Polaris-ის მისიამდე ისტორიის განმავლობაში ღია კოსმოსში 12 ქვეყნის 263 წარმომადგენელი იყო ნამყოფი, პირველი პრეცედენტი კი საბჭოთა კავშირის ასტრონავტმა, ალექსეი ლეონოვმა 1965 წელს შექმნა.