მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მილიონიანი ინვესტიციით ქუთაისში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება

5c583b0b3f3ad
მაია ბიწაძე
04.02.19 17:15
2180
1 მლნ ლარის ინვესტიციით ქუთაისში პლასტმასის გადამამაუშავებელი საწარმო შეიქმნება.

ამის შესახებ Bm.ge-ის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა.

საწარმოს ჩინური კომპანია ააშენებს და პლასტმასის გრანულებს დაამზადებს, რომელიც ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობის სურვილი გასულ წელს ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა გამოთქვეს, მაგრამ პროცესი შეფერხდა. მაშინ მიზეზი ის საკანონმდებლო ინიციატივები გახდა, რაც საქართველოში პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების შეზღუდვას ითვალისწინებს, თუმცა, მოგვიანებით ეს პროცესი განახლდა.

„შეიძლება ვთქვათ, რომ ეს პროექტი გაცოცხლდა; ჩვენ ინვესტორთან ერთად, ერთობლივი კონსულტაციები გვქონდა გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ პროექტი ისევ ძალაში რჩება. აღნიშნული კომპანია პლასტმასის გადამუშავებას ულტრათანამედროვე დანადგარებითა და ტექნოლოგიებით განახორციელებს, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედებას არ ახდენს. უახლოეს მომავალში, გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა ამ კომპანიასთან და უკვე განვიხილავთ იჯარის ფართთან დაკავშირებით საკითხებს, თუ სად, რომელ შენობაში უნდა გაკეთდეს საწარმო. ველით, რომ წარმატებით დავასრულებთ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

მისივე განმარტებით, საწყის ეტაპზე კომპანია პლასტმასის გრანულების საწარმოებლად საჭირო ნედლეულის იმპორტს განახრციელებს, სამომავლოდ კი, ადგილობრივი პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებაც განიხილება.

„განხილვა იყო გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან საქართველოში პლასტმასის ნარჩენების შეგროვებაზე და შემდგომ მათ გადამუშავებაზე; გაჟღერდა, რომ თვითონ ხელისუფლებაც აპირებს ამ მიმართულებით სიახლეებს და ამ პროექტის დაწყების შემდეგ, შესაძლოა, ეს ინვესტორიც ჩაერთოს ნარჩენების კონსოლიდაციის ნაწილში, თუ რა მექანიზმით, ეს შემდგომი განხილვის საკითხია. ჩინელ ინვესტორს აქვს ინტერესი, საქართველოში პლასტმასის ნარჩენების კონსოლიდაცია მოახდინოს და ნედლეულის იმპორტი ჩაანაცვლოს. მათთვისაც გაცილებით მომგებიანია ნედლეულის მოპოვება საქართველოში, ვიდრე მისი შემოტანა“, - განმარტავს სოსო ნიბლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები